ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან შეთანხმებისა და დათმობებზე წასვლისკენ მოწოდებების გამო ფრაქციიდან გარიცხეს
უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს. მიზეზი რუსეთთან შეთანხმებისა და დათმობებზე წასვლისკენ მისი მოწოდებებია. შესაბამისი ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პარტიაში აცხადებენ, რომ დემოკრატიული კურსის მქონე არიან, სადაც ყოველთვის არის ადგილი დისკუსიისა და მწვავე კამათისთვისაც კი, თუმცა, მათივე განმარტებით, ეს დისკუსიები არ უნდა შეეხოს „ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს“. ამ ღირებულებებს შორის პარტია ასახელებს ძლიერ უკრაინულ არმიას, უკრაინულ ენას, დამოუკიდებელ უკრაინულ ეკლესიას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას.
„ეს პრინციპები პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არ არის დამოკიდებული და ვაჭრობის საგანი ვერ გახდება: ვერც უკრაინის შიგნით და, მით უმეტეს, ვერც რუსეთთან მოლაპარაკებებზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მათივე თქმით, გონჩარენკოს საჯარო პოზიცია ომის დასრულებასა და უკრაინის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურასთან დაკავშირებით „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციასა და იდეოლოგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ ომის დასრულების პროცესში კომპრომისები შესაძლებელია, თუმცა უკრაინის დამოუკიდებლობა, მისი ევროპული მომავალი, ეროვნული იდენტობის საკითხები და საკუთარი უსაფრთხოების სისტემის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება დათმობების საგანი ვერ გახდება.
ცნობისთვის, გონჩარენკომ გასული კვირის ბოლოს სოციალურ ქსელებში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, ომის გაგრძელება უკრაინისთვის უპერსპექტივო და უკიდურესად საშიშია, ამიტომ მშვიდობისთვის რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე უნდა წავიდნენ.