ალექსეი გონჩარენკო – უკრაინა ომს აგებს, დროა, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, საჭიროა რუსეთთან ყველაფერზე მოლაპარაკება
უკრაინელი დეპუტატი „ევროპული სოლიდარობის“ პარტიიდან ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
გონჩარენკოს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება თვალს ხუჭავს რეალობაზე და ეძებს ე.წ. სასწაულ იარაღს (Wunderwaffe), რომელიც ყველა პრობლემას ერთბაშად მოაგვარებს, თუმცა, მისი შეფასებით, რეალობა მძიმეა.
„სწორედ ახლა რეალობა ასეთია: ჩვენ ვაგებთ ომს; ვკარგავთ ადამიანების უზარმაზარ რაოდენობას; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის დასაფინანსებლად, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი; ვკარგავთ ბიზნესსა და ეკონომიკას… და მართლაც, ყოველ ჯერზე პირობები, რომლებსაც ვიღებთ, წინა პირობებზე უარესია“, – აცხადებს გონჩარენკო.
გონჩარენკო მიიჩნევს, რომ მხარეები პარიტეტში არიან – უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, მაგრამ რუსეთიც სრულად უძლებს ომს, ადაპტირდება და ფინანსები არ ელევა. შესაბამისად, მისი თქმით, „უნდა დასრულდეს საუბრები სიმტკიცესა და უძლეველობაზე“.
„დროა, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები“, – აღნიშნავს დეპუტატი. მისივე თქმით, დასავლელი მოკავშირეებისთვის ეკონომიკური ინტერესები და ენერგორესურსების ფასები ღირებულებებზე მაღლა დგას.
„ფაქტი ისაა, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღირებულებები… რუსეთს სანქციებს მაინც მოუხსნიან, იქნებ, სულელები არ ვიყოთ და ვეცადოთ ამით სარგებლობა?“, – აცხადებს გონჩარენკო და ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინამ თავად შესთავაზოს სანქციების მოხსნა რუსეთისთვის, სანაცვლოდ კი, მოითხოვოს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს შორ მანძილზე დარტყმები, განბლოკოს შავი ზღვა და შეზღუდოს საბრძოლო მოქმედებები დონბასის ფრონტის ხაზზე.
გონჩარენკოს განცხადებით, ამ გზით იქნება შესაძლებელი, შეინარჩუნონ როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე ქალაქები – კიევი, ოდესა, ხარკოვი, დნიპრო და ხალხის სიცოცხლე.
მისივე თქმით, შეუძლებელია ომის ერთიანად დასრულება, ამიტომ, მოლაპარაკებები ეტაპობრივად უნდა წარიმართოს – დაწყებული ჰუმანიტარული და სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის, სკოლების, საავადმყოფოების, პორტებისა და ხიდების დაბომბვის შეწყვეტით.
„უმიზეზოდ მთელი ქვეყნის გაწირვა იმისათვის, რომ ნატო-ს წევრები გავხდეთ, ჩემი აზრით, აბსურდია… მოდით, მივანიშნოთ, რომ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნეიტრალიტეტზე. პირობებზე მოლაპარაკება შეიძლება“, – წერს გონჩარენკო.
მისი თქმით, თანამშრომლობა და გადაიარაღება დასავლეთთან ისედაც უნდა გაგრძელდეს, თუმცა უარი უნდა ითქვას ალიანსის წევრობაზე, როგორც თვითმიზანზე.
ყველაზე რთულ თემად დეპუტატი დონბასს ასახელებს. მისი თქმით, ამ თემამდე მხარეები მხოლოდ მას შემდეგ უნდა მივიდნენ, რაც ყველა სხვა ტიპის დარტყმა, მათ შორის სკოლებზე, საავადმყოფოებზე, სახლებზე, შეწყდება და ფრონტი მხოლოდ დონბასით შემოიფარგლება. გადაწყვეტის გზად უკრაინელი ხედავს ფრონტის ხაზზე შეჩერებას, ნეიტრალური ზონის შექმნას, ჯარების გაყვანას და ტერიტორიის გაერო-ს კონტროლქვეშ მოქცევას.
„ჩვენ ვცადეთ ყველაფერი შესაძლებელი. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება. რუსეთს არ შეუძლია ჩვენი დამარცხება. მოდით, ვისაუბროთ“, – აცხადებს გონჩარენკო.
რაც შეეხება ენასა და ისტორიულ მეხსიერებას, გონჩარენკო აღნიშნავს, რომ უკრაინული უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების ენა, მაგრამ რუსულენოვან მოსახლეობას რუსულად საუბრის უფლება უნდა მიეცეს. ისტორიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით კი დეპუტატი ამბობს, რომ ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცების და ზოგადად ადამიანების ძეგლების გადახედვა და გადაფასება შესაძლებელია.
რაც შეეხება რელიგიას, გონჩარენკოს განცხადებით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ეკლესიაში სამშობლოს ღალატზე არ საუბრობდნენ, ხოლო ვინ რომელ ეკლესიაში ივლის, თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს.