ალექსეი დანილოვი გამოცემა „თაიმის“ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, ზელენსკის გარემოცვიდან ვის არ სჯერა უკრაინის გამარჯვების
ალექსეი დანილოვი გამოცემა „თაიმის“ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, ზელენსკის გარემოცვიდან ვის არ სჯერა უკრაინის გამარჯვების

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი უკრაინის შესახებ „თაიმის“ სტატიას ეხმაურება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დანილოვის ცნობით, სტატიის ავტორი არ ფლობს ნამდვილ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო კაბინეტის სხდომებთან დაკავშირებით, შესაბამისმა ორგანოებმა კი უნდა გაარკვიონ, ზელენსკის გარემოცვიდან ვის არ სჯერა ომში უკრაინის გამარჯვების.

საბჭოს მდივნის თქმით, სტატიაში აღწერილიდან მსგავსი არაფერი ხდება ხელისუფლების დერეფნებში. მან სტატიაში არსებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა.

„არ ვიცი, საიდან იღებს ავტორი ამ ამბებს. ეს ანონიმურობა ჩემთვის ბევრ კითხვას აჩენს. თუ გაქვს რამე პოზიცია, თუ მიგაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ მოიპოვებს გამარჯვებას, მაშინ არ გაქვს უფლება, იმყოფებოდე ჩვენი პრეზიდენტის გვერდით“, – განაცხადა დანილოვმა და აღნიშნა, რომ ეს ანონიმური შეფარული მოქმედებები, პირველ ყოვლისა, უკრაინას აზარალებს.

„ვფიქრობ, ჩვენმა ორგანოებმა პასუხი უნდა გასცენ, ვინ არიან ეს ანონიმები, რომლებსაც არ სჯერათ ჩვენი გამარჯვების და პრეზიდენტის გვერდით იმყოფებიან“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინის დანაკარგებთან დაკავშირებით სტატიის ავტორი რუსულ ნარატივებს იყენებს.

„მინდა, ვთქვა: ჩვენ გვესმის ჩვენი დანაკარგები და ის, რაც მან იქ დაწერა, საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა დანილოვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომის მდგომარეობაში მძლავრობს ემოციები, ვრცელდება ბევრი სენსიტიური ინფორმაცია და „ნერვებზე“ გაკეთებული განცხადებები. დანილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკვე ყოფილა გამოქვეყნებული მასალების კორექტირების და პოზიციების დაზუსტების შემთხვევები.

დანილოვის განცხადებით, მთავარია, მსგავსმა პუბლიკაციებმა არ დააზარალონ ქვეყანა და ამგვარი გზავნილებით უკრაინის მტრებმა მანიპულირება არ მოახდინონ.

შეგახსენებთ, ჟურნალ „თაიმის“ სტატიაში საუბარია უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებაზე. ზელენსკის გარემოცვაზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი გაბრაზებულია და გრძნობს, რომ მოკავშირეებმა უღალატეს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ავტორი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო კაბინეტის შეხვედრებზე აღარ ავლენს ჩვეულ ოპტიმიზმს და იუმორის გრძნობას, არამედ „შედის შეხვედრაზე, იღებს ბოლო სიახლეებს, გასცემს განკარგულებებს და გადის“. სტატიის ავტორის თქმით, პრეზიდენტის გარემოცვაში ზოგი ფიქრობს, რომ ზელენსკი თავს იტყუებს. „ჩვენ ვარიანტები არ დაგვრჩა. ჩვენ ვერ ვიმარჯვებთ, თუმცა სცადეთ და უთხარით მას ეს“, – ციტირებს ამერიკული ჟურნალი ზელენსკის ერთ-ერთ თანაშემწეს, რომლის სახელსაც გამოცემა არ ასაჯაროებს.