გამოცემა „თაიმი“ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთ წევრს ციტირებს - პრეზიდენტი გრძნობს, რომ მოკავშირეებმა უღალატეს, დატოვეს გამარჯვების საშუალებების გარეშე და მისცეს მხოლოდ გადარჩენის საშუალებები
გამოცემა „თაიმი“ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთ წევრს ციტირებს - პრეზიდენტი გრძნობს, რომ მოკავშირეებმა უღალატეს, დატოვეს გამარჯვების საშუალებების გარეშე და მისცეს მხოლოდ გადარჩენის საშუალებები

არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე, არავის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თაიმი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მიმდინარეობისას აწყდება, მათ შორის ფრონტზე შექმნილი სიტუაციის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ჟურნალი სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს აღწერს.

სტატიის ავტორის, საიმონ შუსტერის მტკიცებით, აშშ-ში უკრაინის დახმარებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მცირდება და ზელენსკის ბოლო ვიზიტმა მოსალოდნელი შედეგები ვერ გამოიღო.

როგორც ზელენსკიმ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, ის გრძნობს დაღლილობას მუდმივი საჭიროების გამო, დაარწმუნოს თავისი მოკავშირეები, რომ მათი დახმარებით უკრაინას შეუძლია გამარჯვება.

„არავის არ სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე. არავის“, – განუცხადა ზელენსკიმ „თაიმს“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამაში მოკავშირეების დარწმუნება ართმევს მთელ ძალასა და ენერგიას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა სულ უფრო რთული ხდება. ომის დაწყებიდან 20 თვის შემდეგ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, ათობით ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მცხოვრები მოკლულია და თავისი ვიზიტების დროს ზელენსკი გრძნობს, რომ ომის მიმართ გლობალური ინტერესი და საერთაშორისო მხარდაჭერის დონე შესუსტდა.

„ომით დაღლილობა ტალღასავით მოდის. თქვენ ხედავთ ამას აშშ-ში, ევროპაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი მათ ცოტა დაღლილობა ეწყებათ, მათთვის ეს ხდება, როგორც შოუ: „მე ვერ ვუყურებ ამ გამეორებას მეათედ““, – თქვა ზელენსკიმ გამოცემასთან.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონიდან უკრაინის ლიდერს კიევში გაჰყვა. უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის პირველ დღეს კი მან პრეზიდენტის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს ჰკითხა, რას გრძნობდა ზელენსკი, რაზეც მას ყოყმანის გარეშე უპასუხა: „გაბრაზებას“. უკრაინის პრეზიდენტის გუნდის სხვა წევრი კი გამოცემასთან ამბობს: ზელენსკი გრძნობს, რომ მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უღალატეს, რადგან დატოვეს ომში გამარჯვების საშუალებების გარეშე და მისცეს მხოლოდ გადარჩენის საშუალებები.

თუმცა, როგორც „თაიმი“ წერს, ზელენსკის რწმენა არ შეცვლილა. ბრძოლის ველზე ბოლო უკუსვლის მიუხედავად, ის არ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას ან რამე სახის მშვიდობის თხოვნას. პირიქით, მისი რწმენა რუსეთზე უკრაინის საბოლოო გამარჯვებაში გაძლიერდა ისეთი ფორმით, რაც მისი ზოგიერთი მრჩევლის აღელვებას იწვევს.

„ის თავს იტყუებს. ჩვენ ვარიანტები არ დაგვრჩა. ჩვენ ვერ ვიმარჯვებთ, თუმცა სცადეთ და უთხარით მას ეს“, – განუცხადა ამერიკულ ჟურნალს ზელენსკის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ, რომლის სახელსაც გამოცემა არ ასაჯაროებს.

ზელენსკის თანაშემწე მედიასაშუალებასთან აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის სიჯიუტე აზარალებს მისი გუნდის ძალისხმევას, შეიმუშაონ ახალი სტრატეგია, ახალი გზავნილი და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობა ტაბუირებული რჩება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, უკრაინელთა უმრავლესობა უარყოფს ამგვარ ნაბიჯს.

ზელენსკი ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დროებით ზავს.

„ჩვენთვის ეს ნიშნავს მომავალი თაობებისთვის ამ ჭრილობის ღიად დატოვებას. შესაძლოა, ამან დაამშვიდოს ზოგიერთი ადამიანი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყოველ შემთხვევაში, მათ, ვისაც სურთ, ეს დაასრულონ ნებისმიერ ფასად. თუმცა ჩემთვის ეს არის პრობლემა, რადგან ჩვენთან დარჩება ეს ფეთქებადი ძალა. ჩვენ მხოლოდ მის დეტონაციას გადავავადებთ“, – ამბობს ზელენსკი.