ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე სამი ქართველი ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების სამი წევრი ფინალში იასპარეზებს.
72 კგ წონით კატეგორიაში ქართულ ფინალს ვიხილავთ – რამაზ ზოიძე ოთარ აბულაძეს დაუპირისპირდება. ასევე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც (82 კგ), იგი ყირგიზ ტალანტბეკოვს შეხვდება.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი სპორტსმენი – იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (სამივე 77 კგ) შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსანდრიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
87 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გობაძე ჩემპიონი გახდა, ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.