ალექსანდრე რაქვიაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს უკრაინის მთავრობასთან, პრეზიდენტსა და პარლამენტთან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს უკრაინის მთავრობასთან, პრეზიდენტსა და პარლამენტთან

„გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ადგილზე, აუცილებლად გამოიყენებდა შესაძლებლობას და ჩავიდოდა უკრაინაში. ამის შესახებ დეპუტატმა, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის, ანდრეი კასიანოვის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, იმის შესახებ, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად, უკრაინის რადას თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტარის წევრები, მათ შორის შალვა პაპუაშვილი მიიწვია.

„არ ვიცი, ჩავა თუ არა, მაგრამ მე მის ადგილზე აუცილებლად გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას. იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია იმდენად ნეგატიურად იყო აღქმული უკრაინაში, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს უკრაინის მთავრობასთან, პრეზიდენტთან და პარლამენტთან, რადგან თვითონ მიგვიწვიეს, აუცილებლად უნდა ჩავიდეთ. შანსი გაჩნდება, რომ დაველაპარაკოთ და ადამიანურად ავუხსნათ ჩვენი ხედვა. რადგან შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ იერარქიაში მაღალ პოზიციას იკავებს, შანსი გაჩნდება, ურთიერთგაგება ორ ქვეყანას შორის მოხდეს და ის ურთიერთობები არ გვქონდეს, როგორიც ახლა გვაქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას, რაქვიაშვილის თქმით, „მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ყოველთვის იმ მხარეზეა, ვინც ბრალდებას წარადგენს“.

„ცხადია, ეს ინფორმაცია უკრაინელების მხრიდან უნდა მიდიოდეს. მეტიც, თუ ეს ფაქტი არ მოხდა, ამის მტკიცებულება შეუძლებელია, როგორ შეიძლება, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა. უკრაინელებმა უნდა წარადგინონ მტკიცებულება. რადგან ეს განცხადება საჯარო იყო, მტკიცებულებაც საჯარო უნდა იყოს, რომ ყველა დავრწმუნდეთ ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები მიიწვია. კასიანოვის თქმით, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.