ალექსანდრე რაქვიაშვილი - თაკო ჩარკვიანი უკვე მერამდენედ აცხადებს აჯანყებას, როგორც ჩანს, მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ უსმენს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - თაკო ჩარკვიანი უკვე მერამდენედ აცხადებს აჯანყებას, როგორც ჩანს, მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ უსმენს

„გირჩის“ წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, აჯანყებასთან დაკავშირებული განცხადება სერიოზული არ არის და ამით შეიძლება, მხოლოდ დამატებითი საბაბი მიეცეს „ქართულ ოცნებას“ იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას ამზადებს.

თუმცა, მისივე თქმით, როგორც ჩანს, თაკო ჩარკვიანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ უსმენს და არ ფიქრობს, რომ ამ განცხადებას რაღაც განსაკუთრებული გავლენა ექნება პოლიტიკურ გარემოზე.

„ქალბატონი თაკო უკვე მერამდენედ აცხადებს აჯანყებას. მგონი, მის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. არაფერი ამის იქით სერიოზული არ არის, გარდა იმისა, რომ შეიძლება, დამატებით საბაბი მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და თქვას, აი, ნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას ამზადებს, და კიდევ, სიტუაციის დაძაბვისთვის იყოს გამოყენებული. მაგრამ, როგორც ჩანს, თაკო ჩარკვიანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ უსმენს და არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გარემოზე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „რამდენად არსებობს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი აქციებისა და კარვების რესურსი“, – რაქვიაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ამის რესურსი ყოველთვის მოიძებნება ხოლმე, მაგრამ არ იცის, რამდენად ეფექტიანი იქნება.

„მე არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ რაღაც რევოლუციურ გარემოში ვართ, ახლა რაღაც უნდა მოხდეს, ხალხი ქუჩაში გამოვა და რევოლუციას მოაწყობს. მეორე მხივ, ჩემი აღქმა და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების აღქმა შეიძლება, განსხვავებული იყოს. ისინი როგორ მოიქცევიან და რას გეგმავენ, არ ვიცი. ასე თუ ისე, ჯერჯერობით მშვიდად მივდივართ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ განაცხადა: „მე, თამარ ჩარკვიანი, ვარ მომხრე, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით“.