ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან უხეში შეცდომა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან უხეში შეცდომა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას

მგონი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან უხეში შეცდომა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას და არც კი მესმის, რატომ გააკეთეს, ის რაც გააკეთეს. არ ვიცი, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რა მოლოდინი აქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რესურსებს არასწორად ხარჯავს.

„წარმოიდგინეთ, არიან ზრდასრული, ძლიერი ხალხი, პოლიტიკოსები, აქვთ ტელევიზიები, დაფინანსება, უზარმაზარი პარტიული სტრუქტურა და ეს ხალხი ამბობს, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გვიშველეთ, ვშიმშილობთო. არ ვიცი, როგორ გააგრძელებენ ამ შიმშილობას. რას ნიშნავს, რომ თქვენ ტუილად ხართ აქ? მაშინ დავიშალოთ. არც ელენე ხოშტარიას შიმშილობა იყო ჩემი აზრით სწორი და ზოგადად ასეთი ინსტრუმენტები არ არის ჩემი აზრით ნორმალური. წარმოიდგინეთ, ტიბეტში ხალხი რომ თავს იწვავდა, ეს იყო განწირულის ბოლო შანსი. მიუხედავად უზარმაზარი თავგანწირვისა, ტიბეტი მაინც იქ არის, სადაც იყო და მიზანი ვერ იქნა მიღწეული. ეს არის საბოლოო მარცხის აღიარება და იმის, რომ არ შემიძლია ამას შეეგუოს. ის, რომ ოდესღაც რაღაც გარემოში ვიღაც შიმშილობდა და გარკვეული პოლიტიკური მიზანი იყო მიღწეული, ეს არაფერს ნიშნავს, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა იმდენად ნორმალური და ადეკვატური გადაწყვეტილება იყო. ახლა რასაც ითხოვენ, უბრალოდ შეუძლებელია შესრულებული იყოს და მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება თავის მხარდამჭერებს ახალი წლის წინ უთხრან, ხალხო, ახლა ოჯახთან კი არ გავატაროთ დრო, ზეიმი კი არ გქონდეთ, წადით, კარვებში დაჯექით და დაიწყეთ შიმშილობა. ეს არ არის ნორმალური და ეს სულ მცირე მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა დადასტურებით იცი, რომ ყველა სხვა ინსტრუმენტი გამოყენებულია, რომ პოლიტიკური ბრძოლა დასრულებულია, მიზანი არ არის მიღწეული და ასეთ უკიდურეს ინსტრუმენტებს მივმართავთ. მე არ მაქვს ეს განცდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოწურა მთელი თავისი რესურსი, მეტიც, სულ ის მინდა, რომ მათი რესურსი მე მქონდეს ერთი-ორი კვირა მაინც, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიზანს მაინც მივაღწევდი და მიკვირს, რომ ამხელა რესურსი ასე უაზროდ იხარჯება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.