ალექსანდრე რაქვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა შერიგების ინიციატივა იქნება, თუმცა ამ საკითხზე ჯერ სკეპტიკურად ვარ განწყობილი
ალექსანდრე რაქვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა შერიგების ინიციატივა იქნება, თუმცა ამ საკითხზე ჯერ სკეპტიკურად ვარ განწყობილი

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შერიგების ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შერიგების თემაზე ჯერ გულწრფელობა არ იგრძნობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„პირველად ვიქნები ასეთი ტიპის შეხვედრაზე ქალბატონ პრეზიდენტთან. წინა ჩემი ვიზიტი მის რეზიდენციაში არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა და წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ. ბუნებრივია, ბევრ საქმეზე ვისაუბრებთ, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება, ამაზე საუბარი ნაადრევია. დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ვისაუბრებთ იქნება შერიგების ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა. რა ფორმატში და როგორ იქნება ზუსტად ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ გასაგებია, რომ ამ თემას ვერ ავცდებით. ჯერ სკეპტიკურად ვარ განწყობილი შერიგების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ მეც მხარს ვუჭერ და ჩვენი ინიციატივა იყო ეს ერთი წლის წინ. მსგავს პოზიცია ბევრი ადამიანი გამოთქვამს, მათ შორის საპატრიარქოც, მაგრამ ჯერ გულწრფელობა არ იგრძნობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ შერიგება სურთ, მანამდე ეს გულწრფელობა არ გამოჩნდება სულ მცირე სიტყვების დონეზე მაინც არაფერი არ გამოვა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.