ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩვენ თუ გვჯერა, რომ სასამართლო კლანური სისტემით იმართება, ეს მოსახლეობასაც უნდა ავუხსნათ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისია ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო ინსტრუმენტია
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩვენ თუ გვჯერა, რომ სასამართლო კლანური სისტემით იმართება, ეს მოსახლეობასაც უნდა ავუხსნათ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისია ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო ინსტრუმენტია

ჩვენ თუ გვჯერა, რომ მოსამართლეები კორუმპირებული არიან და სასამართლო კლანური სისტემით იმართება, ეს ჩვენს მოსახლეობასაც უნდა ავუხსნათ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საგამოძიებო კომისია ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო ინსტრუმენტია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ბუნებრივია, საგამოძიებო კომისია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ თუ გვჯერა, რომ მოსამართლეები კორუმპირებული არიან და სასამართლო კლანური სისტემით იმართება, ეს ჩვენს მოსახლეობასაც უნდა ავუხსნათ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საგამოძიებო კომისია ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო ინსტრუმენტია. მით უმეტეს, რომ პროკურატურა არ დაინტერესდა სანქციების მიზეზით და არ დაუწყიათ დამოუკიდებელი გამოძიება, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, იმედია, ყველა შეიკრიბება. სულ რაღაც ერთი დღის წინ 100-პროცენტიანი თანხმობა არ იყო ყველასი, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, პროცესი მიდიოდა და იმედია, შეიქმნება“, – განცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ვერ გაიაზრა შეცდომა, რომელიც დაუშვა წინა კვირას, როდესაც გაემგზავრა პოლონეთში და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიციონერი კოლეგები.

„მგონი, ხაბეიშვილი და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა. როგორც ვიცი, პრობლემები მთლად ხაბეიშვილში არ იყო, მაგრამ ცუდია, რომ ხაბეიშვილმა ვერ გაიაზრა შეცდომა, რომელიც დაუშვა წინა კვირას, როცა გაემგზავრა პოლონეთში, რადგან ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს ვიზიტი პოლონეთში უმნიშვნელო იყო და შეიძლებოდა, ხაბეიშვილის გარეშეც ჩატარებულიყო. რაც მთავარია, რამდენიმე დღე ჰქონდათ, რათა გაეფრთხილებინათ კოლეგები და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინათ ხათუნა სამნიძე, თამუნა კორძაია და სხვები. აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, რომ, ხუმრობების ნაცვლად, ბოდიში მოეხადა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.