ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიციას მეტი გაეკეთებინა და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა
საბოლოო ჯამში, პოლიციამ ასე თუ ისე ადამიანები დაიცვა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გუშინდელი აქციის შეფასებისას.
დეპუტატის თქმით, პოლიციას მეტი უნდა გაეკეთებინა და პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა.
„ევროკავშირის დროშას რაც გაუკეთეს, ჩვენთვის ცუდი იყო. ეს ადამიანები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ აშკარად უმცირესობაში არიან. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიციას მეტი გაეკეთებინა და დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა.
პოლიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. 100 ადამიანი თუ დაიჭირეს, 200-300 დაეჭირათ და ის არ გაებედათ, რაც გააკეთეს. ეს მათი პოლიტიკის პირდაპირი გამოხატვა იყო, რომ ეს ადამიანები აშკარად ეწინააღმდეგებიან ევროპულ გზას. ისინი არიან უმცირესობაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.
დღეს დილით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.