ალექსანდრე კობაიძე - გიორგი ჭანტურიას დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის უკანონო, ის არ ემალებოდა გამოძიებას
ალექსანდრე კობაიძე - გიორგი ჭანტურიას დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის უკანონო, ის არ ემალებოდა გამოძიებას

გიორგი ჭანტურია არსად გარბოდა და არ ემალებოდა გამოძიებას, არც მოწმეებზე ახდენდა ზეწოლას, ამიტომაც მისი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არის უკანონო, – ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლო ბრმა იარაღად გამოიყენა.

„გაოგნებული ვარ, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ძალიან გაოგნებული, რადგან აბსოლუტურად სამწუხარო, მაგრამ ცალსახაა, რომ სასამართლო ბრმა იარაღად გამოიყენა ბრალდების მხარემ. გიორგი ჭანტურია დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რაც ვფიქრობ, უკანონობაა, რადგან ეს ადამიანი არ ემალებოდა გამოძიებას, არსად გარბოდა, არ ახდენდა მოწმეებზე ზემოქმედებას. პირიქით, მზად იყო, ნებისმიერი კითხვისთვის ეპასუხა. ღია იყო ყველასთვის, მით უმეტეს, საგამოძიებო ორგანოსთვის. სამწუხაროდ, ასე ჩუმად მაინც მოხდა მის წინააღმდეგ დაკავების განჩინების გამოტანა. სამწუხაროა, რომ ამაში სასამართლო მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, არავითარი რეალური საფუძველი  არ იქნება“, – განაცხადა კობაიძემ.

რაც შეეხება ჩხრეკისას ჭანტურიას სახლიდან იარაღის ამოღებას, კობაიძის თქმით, თავად საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, რამდენად ლოგიკურია ეს მაშინ, როცა შვიდი თვის წინ მის სახლში ორჯერ ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა ვერაფერი ნახეს.

„ადამიანი დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მერე გადაუდებელი აუცილებლობით შედიან სახლში და შემთხვევით ნახულობენ სამ ავტომატს, 500 ტყვიას და 21 ე.წ. მჭიდს. მე არ ვამბობ, რომ ჩაუდეს ან ციდან ჩამოფრინდა, ვამბობ, თვითონ საზოგადოებამ გასცეს პასუხი, თუ რამდენად ლოგიკურია ეს ყოველივე, როდესაც შვიდი თვის წინ ორჯერ ტარდება მის სახლში ჩხრეკა და აბსოლუტურად ვერაფერს ნახულობენ. შვიდი თვის მერე, ასეთ საქმეზე, როდესაც იცის, რომ მის წინააღმდეგ შესაძლებელია, სამართალდამცველებმა რაღაც მოიმოქმედონ, თურმე მერე სამ ავტომატს პოულობენ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მიუხედავად ორჯერ მიმართვისა, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერაც არ გადასცემია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბრალდების მხარეს, პროკურატურას, გონს მოეგოს და ნუ არღვევს დაცვის უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციას და შეჯიბრებითობის პრინციპს. ფაქტიურად, ყველა პრინციპი შელახა ბრალდების მხარემ“, – განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – გიორგი ჭანტურია.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი ქუთათელაძე მიმდინარე წლის 15 იანვარს მოკლული იპოვეს.