ალექსანდრე იაშვილი – რაც უფრო ძლიერები იქნებიან კლუბები, ნაკრებში უფრო კარგად მომზადებული ფეხბურთელები გვეყოლება #1TVSPORT

13:23, 03.10.2025

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად, „მიხეილ მესხზე” გამართულ პრესკონფერენციაზე სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. მან ასევე შეაფასა ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილის გუნდის 10-წლიანი მუშაობა.

„მნიშვნელოვანია დღე – 10 წლის წინ კობიაშვილის გუნდი მოვიდა ფედერაციაში. ეს იყო წარმატებული პერიოდი, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებთან ერთად, ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. მაგრამ ჩვენი მიზანია, მომავალშიც წარმატებული პერიოდი გვქონდეს.

დოლტმურზიევი მართლაც კარგი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, რათა ეროვნულ გუნდში ითამაშოს. სურვილი, ემსახუროს ნაკრებს, დიდი გვაქვს. ზოგიერთ ახალგაზრდას აქვს პოტენციალი – უნდა ითამაშონ და გააძლიერონ ნაკრები. ვილი სანიოლი ლიეტუვასთან საქართველოს 17-წლამდელთა თამაშს დაესწრო, ის ყველას აკვირდება.

როგორ სტიმულირდეს საკლუბო ფეხბურთი? საკლუბო დონე მნიშვნელოვანია. რაც უფრო ძლიერები იქნებიან კლუბები, ნაკრებში უფრო კარგად მომზადებული ფეხბურთელები გვეყოლება. ჩვენთვის პრობლემაა, რომ ამ მიმართულებით ჯერ წარმატებულები ვერ ვართ. მზად ვართ სიახლეებისთვის და თანამშრომლობისთვის.

ვამაყობ ქართველი გულშემატკივრებით – ისინი ყოველთვის დადიან უცხოეთში მატჩებზე. ეს ნაკრებისთვის დიდი მოტივაცია და სტიმულია. ახლაც ესპანეთსა და თურქეთთან შეხვედრის ბილეთები სრულად გაიყიდა“, – განაცხადა იაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს შეხდება, ხოლო თურქეთს 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი