ალექსანდრე იაშვილი - 19-წლამდელთა ნაკრების მიზანი „ა“ ლიგაში გადასვლაა
ალექსანდრე იაშვილი - 19-წლამდელთა ნაკრების მიზანი „ა“ ლიგაში გადასვლაა
ალექსანდრე იაშვილმა 19-წლამდელთა ნაკრებებისთვის ერთა ლიგის გათამაშებაზე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს გათამაშება ჩვენი ფეხბურთისთვის თავის გამოჩენის მშვენიერი შანსია.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი 19 წლამდე ნაკრებთა ახალი ფორმატის შესახებ:
„ახალი სისტემა ძალიან საინტერესოა. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, რომ ნაკრები ყველა ასაკში გვყოლოდა და ამ გუნდებს ჰქონოდათ რაც შეიძლება მეტი ოფიციალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ამ იდეამ გაამართლა და ამის დასტურია, რომ 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ. ვფიქრობ, რომ განახლებული სისტემა ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის უფრო საინტერესოა. იმიტომ, რომ 17-წლამდე ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ, მათ უკვე ეცოდინებათ, რომ იმავე წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ნაკრებთა მინი ტურნირზე ჩაერთვებიან და რეალურად ერთი წლით ადრე დაიწყებენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამ ფორმატით იზრდება ოფიციალური თამაშების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს ძალიან საინტერესო გზის გავლა მოუწევს და ვთვლი, რომ მოთამაშეები დიდ გამოცდილებას მიიღებენ” – ამბობს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, გუნდის წინაშე დასახულია ამოცანა, რომ 19-წლამდელთა ნაკრები „ა”‘ ლიგაში გადავიდეს: “დიახ, გვსურს რომ დავწინაურდეთ და კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული საკვალიფიკაციო სისტემა შეგვიძლია ერთა ლიგას შევადაროთ. აქ პრაქტიკულად იგივე სისტემაა ოღონდ 19-წლამდე ფეხბურთელებს შორის. სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ მსგავსი სისტემა დაინერგოს 17-წლამდე ნაკრებებშიც. 2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება, ახალი გამოწვევებით და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებით დატვირთული. ეს ეხება როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს“.
უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობითაც ერთა ლიგის მსგავსი ახალი ფორმატის გათამაშება 2020-22 წლებში გაიმართება.
დატოვე კომენტარი