ალექსანდრე ძნელაძე - „თიბისი ბანკის“ მხრიდან ეროვნული ბანკის განკარგულებაში მოცემული გადაწყვეტილებების შესრულება სწორი იყო
ალექსანდრე ძნელაძე - „თიბისი ბანკის“ მხრიდან ეროვნული ბანკის განკარგულებაში მოცემული გადაწყვეტილებების შესრულება სწორი იყო

ეროვნული ბანკის განკარგულებაში აღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულება და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასვლა, სწორი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არაერთხელ აღინიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.

„აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე „თიბისი ბანკის” მხრიდან განკარგულებაში მოცემული ყველა გადაწყვეტილების შესრულება, დავის შეწყვეტა, ასევე სამეთვალყურეო საბჭოდან აქციონერების გასვლა, დღეის მდგომარეობით, ჩანს, რომ იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რასაც შეიძლება, არსებულ ვითარებაზე ზიანი ყველაზე ნაკლებად მიაყენებინა“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ ვრცელი განმარტება გააკეთა.

„საკმაოდ კონკრეტული პასუხი იყო, რომ ყოველ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი შეფასებას პარლამენტთან ვერ გააკეთებს. ამის იქით, გამიჭირდება რამე ვთქვა. დღეს მაინც შედგება საკომიტეტო მოსმენა და დაველოდოთ“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში აისახა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა დღეს არის დაგეგმილი. საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.