ალექსანდრ სირსკი - პოკროვსკში რუსეთის ჯარი ურბანულ ზონაში გროვდება და სიტუაცია რთულია, თუმცა კრემლის პროპაგანდისტული განცხადებები უკრაინის ძალების ბლოკადის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
პოკროვსკში რუსეთის ჯარი ურბანულ ზონაში გროვდება და სიტუაცია რთულია, თუმცა კრემლის პროპაგანდისტული განცხადებები უკრაინის ძალების ბლოკადის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ხაზზე სტუმრობისას განაცხადა.
„პოკროვსკში მტრის ჯარი გროვდება ურბანულ ზონაში და იცვლის ადგილმდებარეობას, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი მათი იდენტიფიცირება და განადგურებაა. სიტუაცია რთულია, მაგრამ რუსეთის პროპაგანდისტული განცხადებები უკრაინის თავდაცვის ძალების პოკროვსკსა და კუპიანსკში „ბლოკადის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა სირსკიმ.
როგორც მთავარსარდალმა აღნიშნა, მეთაურებს მიზნებსა და შესაძლებლობებს შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნება უწევთ.
„მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებაა“, – განაცხადა სირსკიმ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკი რუსეთისთვის მთავარი სამიზნეა.
ცნობისთვის, „დიფ სთეითის“ მონიტორინგის პროექტმა, რომელიც ხუთი დასახლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, განაცხადა, რომ რუსეთის არმია პოკროვსკის და კიდევ სამი დასახლებული პუნქტის მახლობლად დაწინაურდა. ამავდროულად, ფინური ანალიტიკური ჯგუფის, „ბლექ ბერდ გრუფის“ ანალიტიკოსმა, პასი პაროინენმა განაცხადა, რომ რუსები პოკროვსკში მნიშვნელოვანი რაოდენობით იმყოფებიან და ამჯერად უკრაინელები მათ განდევნას ვერ შეძლებენ, როგორც ეს ზაფხულში მოახერხეს.