ალექსანდრ სირსკი – ჩემს მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ დაამარცხონ მტერი, ვიმედოვნებ, შეტევა გაგრძელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენებულმა ალექსანდრ სირსკიმ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამსახურს გააგრძელებს.
მისი თქმით, მიმდინარე ომი 2014 წლის პირველივე დღიდან საკუთარი თვალით ნახა, ფრონტით ცხოვრობდა და იცის უკრაინული მიწის ყოველი გათავისუფლებული კილომეტრის ფასი. სირკსიმ გაიხსენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა 2024 წლის თებერვალში, უკიდურესად რთულ პერიოდში ჩაიბარა.
სირსკის შეფასებით, გასულმა წელმა ომის მიმდინარეობა შეცვალა. მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის შეჩერება ხარკოვის ოლქში, არ დაუშვეს შეტევის განვითარება სუმის ოლქში, ასევე გაიხსენა უკრაინული არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში, რომლის მიზანი, მისივე თქმით, სხვისი მიწის ოკუპაცია არ ყოფილა.
განცხადებაში სირსკიმ ასევე ჩამოთვალა ის ცვლილებები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უკრაინის არმიაში განხორციელდა. მისი თქმით, 2026 წელს უკრაინის ტერიტორიის 700 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა.
„ჩემს მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვაშია, არამედ უტევს, აქვს ინიციატივა, სტრუქტურა, ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ დაამარცხონ მტერი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს შეტევა გაგრძელდება. ამისთვის ყველაფერი არსებობს. ადრეც ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, მაგრამ ეს პრინციპი – არა. რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე მოვემსახურები“,- განაცხადა სირსკიმ.
ცნობისთვის, 21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალ ხელმძღვანელად გაერთიანებული ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი დაინიშნება. ზელენსკის განცხადებაში არ იყო განმარტებული, რა გახდა სირსკის გადაყენების მიზეზი.
სირსკის გადაყენებას წინ უძღოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადადგომა, რასაც ადგილობრივი მედია ფედოროვსა და სირსკის შორის კონფლიქტს უკავშირებდა.