ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობიდან გაათავისუფლა, თანამდებობას გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დაიკავებს

00:05, 22.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა.

„გადავწყვიტე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრ სირსკის იმ სამსახურისთვის, რომელიც მან უკრაინის თავდაცვაში გასწია. კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა სირსკის როლი კიევის დაცვაში, ხარკოვის კონტრშეტევით ოპერაციაში, კურსკის ოპერაციაში და მთლიანად უკრაინის თავდაცვის საქმეში.

ზელენსკის თქმით, უკვე განიხილა სირსკსთან და გეშტაბის ხელმძღანელთან, ანდრეი ჰნატოვთან მათი შემდგომი სამსახურის ფორმატი და უფლებამოსილების გადაბარების პროცესი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ხელისუფლებაში „ღირსეული თანამდებობა“ შესთავაზა.

„დღეს მიხაილო ფედოროვთან შეხვედრა მქონდა. მას ხელისუფლებაში ღირსეული თანამდებობა შევთავაზე, რომელიც საშუალებას მისცემს, სახელმწიფოს ტექნოლოგიური მიმართულებები გააერთიანოს და მათი განვითარება უზრუნველყოს. მისი საბრძოლო დამსახურებები, ტექნოლოგიური მიღწევები და „ალფას“ მიერ ჩატარებული დიპლომატიური ოპერაციები თავისთავად მეტყველებს, რომ ასეთი გამოცდილება აუცილებელია სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მტერზე გამარჯვება, ფრონტზე ისეთი პირობების შექმნა და რუსეთზე ისეთი ზეწოლა, რომელიც მოსკოვს მშვიდობაზე დათანხმებას აიძულებს. ხვალ ყველა ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებთ. ამ პროცესიდან უკრაინა უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს, ხოლო რუსეთს მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.

ამასთან, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, რამდენიმე დღეა, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებენ და ალექსანდრ სირსკის გადადგომას ითხოვდნენ.

მსგავსი