ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახური - ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგას „ვაგნერის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის მადლობა გადაუხადა
ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახური - ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგას „ვაგნერის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შესრულებული სამუშაოსთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, დღეს, საღამოს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.

„ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა და მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგას შესრულებული სამუშაოსთვის“, – ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზება რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ მებრძოლების გადაადგილების შეჩერებისა და დეესკალაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თავად ევგენი პრიგოჟინს გავრცელებულ აუდიომიმართვაში ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები არ უხსენებია.