ალექსანდრ ლუკაშენკო - მაიკ პომპეომ მითხრა, რომ აშშ ბელარუსს დაეხმარება
ალექსანდრ ლუკაშენკო - მაიკ პომპეომ მითხრა, რომ აშშ ბელარუსს დაეხმარება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მინსკში ვიზიტის დროს ბელარუსს დახმარებას დაჰპირდა. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მაიკ პომპეომ შეხვედრის დროს თქვა, რომ აშშ-მა ბელარუსის პრობლემების შესახებ იცის და მზადაა დასახმარებლად.

„ჩვენ განვიხილეთ ყველაფერი, რაც მე ვიცი, რაც მათ იციან. ის გულახდილად მესაუბრებოდა აშშ-ის პოლიტიკაზე. მე მოვუყევი ჩემი მოსაზრება. მათ შორის აშშ-ში ძალიან კარგად იციან, ხანდახან ჩემზე უკეთესადაც კი, რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. მან მითხრა, არ ინერვიულო, ჩვენ ბელარუსს დავეხმარებით“, – განცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ვიზიტით 2 თებერვალს იმყოფებოდა. მაიკ პომპეო შეხვდა ალექსანდრ ლუკაშნეკოს და განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს.

2020 წლის იანვარში ბელარუსმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. მინსკი და მოსკოვი ნავთობის ფასზე ვერ თანხმდებიან. ამასთან, ბელარუსმა უკვე შეიძინა ნორვეგიული ნავთობი, რომლის ტრანსპორტირებაც ლიეტუვის პორტის გავლით განხორციელდა.

დღესვე ბელარუსში ჩავიდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი. მინსკში დაგეგმილი მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა ლიეტუვის გავლით ბელარუსში ნავთობისა და გაზის რეგულარული მიწოდებაა.