ალექსანდრე კობაიძე - ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ედავებიან, ვითომ ცრუდ დაასმინა კონკრეტული პიროვნებები, რაც არის მარაზმი
ალექსანდრე კობაიძე - ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ედავებიან, ვითომ ცრუდ დაასმინა კონკრეტული პიროვნებები, რაც არის მარაზმი

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ედავებიან, ვითომ ცრუდ დაასმინა კონკრეტული პიროვნებები, რაც არის მარაზმი, – ამის შესახებ ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ დიღმის სამმართველოში დაკავებული კოლეგის მონახულების შემდეგ განაცხადა.

კობაიძემ ოტიაშვილის მხარდასაჭერად სამმართველოსთან მისულ ადვოკატებთან ერთად გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი დაკავებული ადვოკატის ინტერესებს დაიცავს კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად.

„ქალბატონი ოტიაშვილი არის დაკავებული უკანონოდ. ეს არის მთლიანად ადვოკატთა ასოციაციის კორპუსის დევნა. ადვოკატები არ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, გვდევნიდნენ შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები. ეს არის სრული მარაზმი. ამის მსგავსად დევნიდა წინა ხელისუფლება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ანალოგიურად აგრძელებს ჩვენი კორპუსის დევნას და არ მივცემთ შესაძლებლობას, რომელიღაც ადვოკატის უფლებები დაირღვეს.

ქალბატონ ნაირას ედავებიან, ვითომ ცრუდ დაასმინა კონკრეტული პიროვნებები, რაც არის მარაზმი. როდესაც მას მიმართა კლიენტმა, გაუწია იურიდიული მომსახურება, თუმცა სამწუხაროდ, თურმე ეს კომუნიკაცია პროკურორმა განუსაზღვრა ცრუ დასმენად. დღეს ჩვენი კოლეგა აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება გისოსებს მიღმა. ხვალვე უნდა გამოუშვან ქალბატონი ნაირა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ადვოკატთა ჯანყი, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ აღდგება სამართლიანობა. საქმის მასალები ჯერ არ არის გადმოცემული, როდესაც მტკიცებულებები ხელთ გვექნება, შემდეგ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ნაირა ოტიაშვილი 373-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით.  ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა.

დატოვე კომენტარი