ალექს მაკლიში - ამ საუბარში არ ვერთვები და მუშაობას ვაგრძელებ
ალექს მაკლიში - ამ საუბარში არ ვერთვები და მუშაობას ვაგრძელებ

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექს მაკლიში აცხადებს, რომ ყაზახეთში განცდილი უხერხული მარცხის შემდეგ თანამდებობის დატოვებას არ ფიქრობს და მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს.

გუშინ, 21 მარტს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, ყაზახეთის ეროვნულმა ნაკრებმა სკოტები დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და უეფას ეგიდით გამართულ 21-ე საკვალიფიკაციო მატჩში მხოლოდ მეორე განარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებიდან 10 წუთში შოტლანდია უკვე 0-2 აგებდა, მესამე კი მათ მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაუშვეს.

კვირას, 24 მარტს, ბრიტანელები სან-მარინოს ხვდებიან, რომელმაც პირველ მატჩში კვიპროსთან 0-5 წააგო.

„ამ მარცხის შემდეგ ჩემზე უფრო მეტი ზეწოლა იქნება, მაგრამ მე საქმეს გავაგრძელებ და ამ საუბარში არ ჩავერთვები“, – უთხრა მაკლიშმა ჟურნალისტს, რომელმაც გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე დაუსვა შეკითხვა.

მაკლიში შოტლანდიის ნაკრების თავკაცად 2018 წლის თებერვალში დაინიშნა. მას შემდეგ გუნდმა 11 მატჩი გამართა და მხოლოდ ოთხი მოიგო.

შეგახსენებთ ასევე, რომ შოტლანდია უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და, საქართველოს ნაკრების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე შანსი მოიპოვა.