ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირზე სათამაშოდ ბათუმს ალენ ჟირესიც ესტუმრა – ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც 2004-05 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ჟირესმა ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულა და განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლით გახარებულია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში ვიმყოფები. ნამდვილად შესანიშნავი სტადიონი შენდება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მთლიანად ქართულ ფეხბურთს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მადლობა ქართულ მხარეს ზამთრის თასის ორგანიზებისთვის. აღნიშნული ტურნირი საშუალებას გვაძლევს, რომ ფიფას, უეფას და სხვა გუნდების წარმომადგენლები კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს“, – ამბობს ალენ ჟირესი.
ფრანგული ფეხბურთის გამოჩენილი წარმომადგენელი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2004-2005 წლებში იყო. 2018-2019 წლებში ტუნისის ნაკრებს ავარჯიშებდა. კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ „ბორდოში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 519 მატჩი ჩაატარა და 168 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ჟირესი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 72-ე ადგილზე დასახელდა.