ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტმა შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დაისვას
ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტმა შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დაისვას

ტენდენციის სახე მიიღო გამაოგნებელმა და აღმაშფოთებელმა გარემოებამ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ზედმიწევნით ათავისუფლებს ძალიან მძიმე დანაშაულებში, მკვლელობაში მსჯავრდებულებს, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც კი მიიჩნევს თავს ვალდებულად, რამე განმარტოს.

„ეს შემთხვევები მიმყარებს ეჭვს, რომ კორუფციაშია ჩართული შეწყალებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი. სხვა ახსნა არ მაქვს. შეწყალების კომისია გაუქმებულია. ჰაერში გამოკიდებულია დებულება, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მსჯავრდებულთა საქმეები ხარისხდებოდა. ორივე შეწყალებული იყო აჭარელი, აჭარაში რაღაც კორუფციული სქემა ააწყო სალომე ზურაბიშვილმა და აკეთებს ფულს. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი თქმით, 2019 წლის იანვარში დაითხოვეს შეწყალების კომისია, რომელიც პრეზიდენტის სარეკომენდაციო ორგანოა და დღემდე არ არის დაკომპლექტებული. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი სწორედ კორუფცია იყოს.

„უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს, გააკეთოს განმარტებები. ის პირადად იღებს მსჯავრდებულის საქმეებს, თავიდან ბოლომდე კითხულობს დახასიათებებს და ასობით საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას. შეწყალების კომისია არ განიხილავდა არც ერთი მის მიერ შეწყალებულის საქმეს, რადგან მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი. აბსოლუტურ უპასუხისმგებლობასთან გვაქს საქმე. თუ განმარტებებს არ გააკეთებს, უნდა დაიწყოს მის მიმართ გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დაისვას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.