ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩა-ქუჩა დადის და ითხოვს, სალომე ზურაბიშვილმა მათი ლიდერი შეიწყალოს, ხოლო როცა პრეზიდენტი პატიჟებს, არ მიდიან, ეს ურთიერთობის რა ფორმაა
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩა-ქუჩა დადის და ითხოვს, სალომე ზურაბიშვილმა მათი ლიდერი შეიწყალოს, ხოლო როცა პრეზიდენტი პატიჟებს, არ მიდიან, ეს ურთიერთობის რა ფორმაა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიწვევაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უარის თქმა არის გაუგებარი და დესტრუქციული ქმედება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრებენ.

„მართალია, საახალწლო ღონისძიება იქნება, მაგრამ ოპოზიცია პრეზიდენტთან მივდივართ და პოლიტიკურ თემებზე იქნება საუბარი. ზუსტად არ ვიცი, რაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ჩურჩხელებზე და ნაძვის ხის სათამაშოებზე არ ვისაუბრებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა არის გაუგებარი და დესტრუქციული. ერთი მხრივ, ქუჩა-ქუჩა დადიან და ითხოვენ, რომ პრეზიდენტმა მათი ლიდერი შეიწყალოს, მეორე მხრივ, როცა პრეზიდენტი პატიჟებს, ღონისძიებაზე არ მიდიან. ეს ურთიერთობის რა ფორმაა? – მათ ხასიათს ავლენს, რომ არიან დესტრუქციულები. უზრდელობაა ასეთი საქციელი. მაშინ, რაიმეს რატომ სთხოვ და სალომე ზურაბიშვილის მოხსენიება ისე გააგრძელე, როგორც იხსენიებდი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუში განაცხადა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „მადლობა პრეზიდენტს მიპატიჟებისთვის, მაგრამ საახალწლო ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.