ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ისტორია დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ 
ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ისტორია დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ 

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ისტორია დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი თეორიულად ის არის, რასაც ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი თეორიულად ის არის, რასაც ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს და თეორიულად „ქართულ ოცნებას“ მარტივი თავის დასაძვრენი ექნება – დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ხომ დამავალეთ და უკრაინული მოდელი გადმოვიღე, სადაც ერთადერთი პრეცედენტი არისო. „ქართულ ოცნებას“ თავის დაძვრენის საშუალება ექნება, თუმცა რეალურად, იქ ბიძინა ივანიშვილი ნახსენები არ იქნება და მასზე არ გავრცელდება, რადგან „ქართული ოცნებისგან“ სხვაგვარად მოსალოდნელი არც არის. ამ საკითხის თავი და თავი ის არის, რომ დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ კანონის მიღებას, რასაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, ამაო იყო. რთული მისახვედრი არ იყო, რომ აქამდე მივიდოდით. აგერ თქვენ და აგერ მე, ამ კანონპროექტის ისტორია იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ. ეს ამბავი ამით დასრულდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.