პარტია „მოქალაქეები“ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს
პარტია „მოქალაქეები“ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს. როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დააყენოს.

„თუ ეს საკითხი დაიძრა, ცხადი იქნება, რომ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა სწორედ ამ ვითარებასთან. ჩვენ, როგორც ნიკა მელიას, ასევე ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი ვიქნებით. ერთადერთი მხარი დავუჭირეთ მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას, რადგან ამას თავად ითხოვდნენ. თუ ადამიანს არ უნდა პარლამენტის წევრი იყოს, ძალით ხომ არ დააბამ? ერთია, ხაზარაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტური იყო. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

დატოვე კომენტარი