ალბანეთის პრემიერი - ბულგარეთის მხრიდან ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება არის სირცხვილი
ბულგარეთის მხრიდან ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება არის სირცხვილი, – ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ბრიუსელში, დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„სირცხვილია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა ბულგარეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ სხვა ქვეყანას, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას „იტაცებს“ შუაგულ ევროპაში მიმდინარე ცხელი ომის დროს“, – აღნიშნა რამამ.
ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა, ენის საკითხთან დაკავშირებული დავის გამო, 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა. ამის გამო, ალბანეთის პროგრესი შეჩერდა, რადგან ევროპულმა გაერთიანებამ ამ ქვეყნის პროგრესი ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესს დაუკავშირა.