ალბანეთის პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა
ალბანეთში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქ ტირანაში გამართულ მანიფესტაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პარლამენტის შენობასთან აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეღწევა სცადეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან დემონსტრანტები და სამართალდამცველებიც.
ალბანეთის დედაქალაქში დემონსტრაციები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთანაც გაიმართა, თუმცა მეორე აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.