ალან დუნკანი -  ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფორმების უფლებამოსილება ექნება და ეცდება, ეს საქართველოსთანაც სწრაფად განახორციელოს
ალან დუნკანი - ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფორმების უფლებამოსილება ექნება და ეცდება, ეს საქართველოსთანაც სწრაფად განახორციელოს

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართულებით, ასევე აფასებს საქართველოს მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას, – ამის შესახებ ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ და ბრიტანეთმა ურთიერთობების უკეთეს დონეზე აყვანაზე უნდა იფიქრონ, რისთვისაც „უორდროპის დიალოგი“ კარგი საშუალებაა.

„ჩვენ, დიდ ბრიტანეთს სრულად გვესმის და მხარს გიჭერთ თქვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენ ნერვული აგენტის უპრეცედენტო გამოყენების მომსწრენი გავხდით ბრიტანეთში, რა დროსაც საქართველოს მხრიდან გამოხატული სოლიდარობა და მხარდაჭერა ღრმად დაფასდა ჩვენს ქვეყანაში.

თქვენთან საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჩამოვედი, რომელიც დემოკრატიულად მიმდინარეობს და ქვეყანას დადებითად წარმოაჩენს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ასევე ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობებზე, სადაც სავაჭრო საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ურთიერთობების უკეთეს დონეზე აყვანაზე უნდა ვიფიქროთ, „უორდროპის დიალოგი“ ამ მიზნამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფორმების უფლებამოსილება ექნება და ეცდება, ეს საქართველოსთანაც სწრაფად განახორციელოს.

„ჩვენ უკვე გვქონდა დისკუსიები, თუ როგორ შეიძლება ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდეს. ევროკავშირთან ჩვენი კოლექტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, ფართე სავაჭრო ხელშეკრულებების პოტენციალს ვხედავთ“, – განაცხადა სერ ალან დუნკანმა.

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი თბილისში საქართველო- ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის, „უორდროპის დიალოგის“ მეხუთე რაუნდს გახსნის.