სერ ალან დუნკანი - საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში სამაგალითოა
ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი ხვალ, 8 ნოემბერს თბილისს ეწვევა და საქართველო- ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის, „უორდროპის დიალოგის“ მეხუთე რაუნდს გახსნის.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
„წლევანდელი უორდროპის სტრატეგიული დიალოგი გამორჩეულია, ვინაიდან წელს საქართველოს ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება – 100 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან და 10 წელი საქართველო-რუსეთის კონფლიქტიდან.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები საუკეთესო ფაზაშია. დიალოგი მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ საუბარი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე და იმ საერთო ღირებულებებზე რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს“, – აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.
როგორც სერ ალან დუნკანმა ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, წლევანდელი უორდროპის სტრატეგიული დიალოგი ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება.
„მოხარული ვარ, რომ საშუალება მექნება სხვადასხვა საკითხებზე და საერთო ინტერესებზე ვისაუბრო საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბატონ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ დავით ზალკალიანთან.
რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას. რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის ფონზე, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით“, – აღნიშნა სერ ალან დუნკანმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში სოლსბერიში მომხდარი გაუგონარი შეტევის შემდეგ, საქართველომ მყისიერი და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს და ამისთვის გაერთიანებული სამეფო მადლიერია.
„საქართველო არის რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამაგალითო რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით საქართველოს რეფორმების ამბიციურ პროგრამას. რეფორმების ამ გზაზე საქართველომ უნდა მოახერხოს თავისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება და სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდიდან ყოველწლიურად ოთხი მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი ამ რეფორმების მხარდასაჭერად“, – განაცხადა სერ ალან დუნკანმა.