„ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, ვიდეომიმართვაში გამოჩნდა
ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი, რომლის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში გამოჩნდა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.
სადაზვერვო ჯგუფი SITE, რომელიც ჯიჰადისტურ ვებგვერდებს უწევს მონიტორინგს, აღნიშნავს, რომ ვიდეო 11 სექტემბერს გამოქვეყნდა. თუმცა უცნობია, როდის არის გაკეთებული ჩანაწერი.
ვოდეომიმართვაში ალ-ზავაჰირი ამბობს, რომ „იერუსალიმი არასდროს იქნება იუდეიზებული“. ის ასევე აქებს „ალ-ქაიდას“ თავდასხმებს, მათ შორის სირიაში, ქალაქ რაქასთან იანვარში რუსეთის ძალებზე განხორციელებულ თავდასხმას. ალ-ზავაჰირი ასევე ახსენებს ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანას 20-წლიანი ომის შემდგომ. როგორც სადაზვერვო სამსახური აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩანაწერი ახალი გაკეთებულია, რადგან „თალიბანთან“ აშშ-ის ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ „ალ-ქაიდას“ ლიდერი არ ახსენებს თალიბების მიერ ქაბულის დაკავებას.
ავადმყოფობის შედეგად ალ-ზავაჰირის გარდაცვალების შესახებ ცნობები 2020 წლის ბოლოს გავრცელდა. მას შემდეგ მისი მონაწილეობით ვიდეოკადრები არ გავრცელებულა.
სადაზვერვო ჯგუფის დირექტორი რიტა კატცი აცხადებს, რომ 11 სექტემბერს გავრცელებული ვიდეოჩანაწერის მიუხედავად, ზავაჰირის გარდაცვალება გამორიცხული არ არის. თუ ეს ასეა, მაშინ ის 2021 წლის იანვრის შემდეგ გარდაიცვალა.
აიმან ალ-ზავაჰირი „ალ-ქაიდას“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ჩაუდგა სათავეში.