ბანგლადეშის სასამართლომ ისლამისტური დაჯგუფების ხუთ წევრს აშშ-ის მოქალაქის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
ბანგლადეშის სასამართლომ ისლამისტური დაჯგუფების ხუთ წევრს აშშ-ის მოქალაქის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ბანგლადეშში სასამართლომ ისლამისტური დაჯგუფების ხუთ წევრს აშშ-ის მოქალაქე ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თავდასხმასთან კავშირში ბრალდებულ კიდევ ერთ მამაკაცს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წარმოშობით ბანგლადეშელი აშშ-ის მოქალაქე ავიჯიტ როი, რომელიც რელიგიურ ექსტრემიზმს აკრიტიკებდა, 2015 წლის თებერვალში მაჩეტეებით მოკლეს, როდესაც ის ცოლთან ერთად დაკას წიგნების ფესტივალიდან სახლში ბრუნდებოდა. მოკლულის მეუღლე, ასევე ბლოგერი რაფიდა აჰმედი თავდასხმისას დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ექვსივე ბრალდებული „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ადგილობრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ.

სასამართლო პროცესი დედაქალაქ დაკაში უსაფრთხოების უკიდურესად გამკაცრებული ზომების ფონზე მიმდინარეობდა.

„მათ წინააღმდეგ ბრალდებები ყველა ეჭვს მოკლებულია. სასამართლომ უმაღლესი სასჯელი გამოუტანა“, – განაცხადა პროკურორმა, გოლან სარვარ ხანმა.