ახალწვეულები და ახალი ფორმები - ბათუმის „დინამო“ სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT
ახალწვეულები და ახალი ფორმები - ბათუმის „დინამო“ სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ 6 ახალი მოთამაშე წარადგინა და ახალი ფორმებით შეიმოსება. გუნდის რიგებს ოთხი ქართველი ფეხბურთელი შეემატა, ორიც – ლეგიონერია.

გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონიდან ითამაშებენ მეკარე გიორგი ბეგაშვილი (მარტვილის მერანი), მცველები გიორგი რეხვიაშვილი (ქობულეთის შუქურა) და ლუკა ქაფიანიძე (ქუთაისის ტორპედო), ასევე ირაკლი ბიძინაშვილი (გორის დილა).

რაც შეეხება ლეგიონერებს, ბათუმელთა ახალწვეულები გახდნენ მილან რადინი (დინამო თბილისი) და სტეფან დენკოვიჩი (კაისარი). 30 წლის მილან რადინმა, რომელმაც გასული სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა (31 მატჩი, 4 გოლი, 6 საგოლე პასი), გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბათუმის „დინამოს“ ახალწვეული სტეფან დენკოვიჩი ფლანგის შემტევია – 30 წლის ფეხბურთელს სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეა, უთამაშია მონტენეგროს 19-წლამდელთა (6 მატჩი, 1 გოლი) და 21-წლამდელთა (3 მატჩი) ნაკრებებში. ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაწყებული კარიერის შემდეგ სერბეთის და მონტენეგროს გუნდებში გამოდიოდა, იყო უნგრული „პუშკაშ აკადემიის“ ფეხბურთელი, ბოლოს კი ყაზახეთის „კაისარის“ წევრი გახლდათ, სადაც 28 მატჩში 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

აქვე ვიტყვით, რომ გუნდმა ტექნიკური პარტნიორი შეიცვალა და ამიერიდან გერმანული „პუმას“ ნაცვლად, იტალიური კომპანია „ერეას“ ფორმებით შეიმოსება, რომლის დიზაინიც წინა სეზონის ფორმებისგან საგრძნობლად განსხვავდება.