ახალქალაქში ერთ-ერთი დამწვარი სახლის მეპატრონე ამბობს, რომ მისი შვილი გუშინდელი ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა [ფოტო]
ახალქალაქში ერთ-ერთი დამწვარი სახლის მეპატრონის, ნარინე ზარმარიანის თქმით, მისი შვილი გენო ზარმარიანი გუშინდელი ინციდენტისას, რა დროსაც მკვლელობა მოხდა, ადგილზე იმყოფებოდა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. ზარმარიანის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა.
„საშინელება იყო. 300-მდე ადამიანი მოვარდა. ქალები და ბავშვები გამოგვათრიეს. ყვიროდნენ, ქალები და ბავშვები გამოიყვანეთო. სულ დალეწეს ყველაფერი, ცეცხლი წაუკიდეს.
არ ვიცი, რა მოხდა. ჩემი შვილი იმ ჩხუბის დროს იქ იყო. მის მეგობარს მოუვიდა ჩხუბი. ის არაფერ შუაშია და ასე დალეწეს ყველაფერი. გარეთ იყო ხალხი, მაგრამ ვერავინ გაბედა მოახლოება. პოლიციაც იდგა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რკინის ხელკეტებით იყვნენ, ვერავინ ვერაფერს გახდებოდა“, – განაცხადა ნარინე ზარმარიანმა.
ამასთან, მისი მეუღლე, ხაჩიკ ზარმარიანი აცხადებს, რომ გუშინ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.
მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება – სასტუმრო და რამდენიმე სახლი დაწვეს. მისივე თქმით, ვითარებას ამ დროისთვის პოლიცია აკონტროლებს. „ცალსახად, რაც ჩემთვის ცნობილია, არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდება ეს კრიმინალური შემთხვევა, არც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არ არის“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.