ახალმა უჯრედულმა თერაპიამ ცდაში თავის ტვინის ტერმინალური სიმსივნის მქონე ოთხი ბავშვი გადაარჩინა — #1tvმეცნიერება

15:46, 15.07.2026

ტრადიციულად განუკურნებელი თავის ტვინის კიბოს მქონე ოთხი ბავშვი დღემდე ცოცხალია მას შემდეგ, რაც წლების წინ, კლინიკურ ცდაში მიიღეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ექსპერიმენტული უჯრედული თერაპია. სამ მათგანს დაავადების ნიშანიც კი აღარ აქვს.

„ეს ბავშვები იზრდებიან, მართლაც შესანიშნავია“, — ამბობს ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნული ჰოსპიტლის მკვლევარი ჯინ ჰვანგი.

ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალება, სახელად სიმსივნესთან ასოცირებული ანტიგენის (TAA) T-ლიმფოციტური თერაპია 33 ბავშვსა და ახალგაზრდას მისცეს; მათ ახალი დასმული ჰქონდათ დიფუზური შინაგანი პონტინური გლიომის (DIPG) — თავის ტვინის ძლიერ აგრესიული კიბოს დიაგნოზი ან თავის ტვინის სხვა ისეთი კიბოების დიაგნოზი, რომლებიც სტანდარტულ მკურნალობაზე არ რეაგირებენ. ცდა ფოკუსირებული იყო ამ ტიპის სიმსივნეებზე, რადგან „ისინი უნივერსალურად ფატალურია და მათ სამკურნალოდ არაფერი მოქმედებს“, — ამბობს ჯგუფის წევრი კატრინ ბოლარდი.

DIPG-ის მქონე ბავშვები, როგორც წესი, წელიწადზე ნაკლებს ცოცხლობენ, მაგრამ ცდაში მონაწილე ამ დაავადების მქონე ერთი ბავშვი TAA T-ლიმფოციტური თერაპიიდან ორი წლის შემდეგაც ცოცხალია.

თავის ტვინის სხვა სახის სიმსივნეების მქონე პაციენტებს შორის, სამს გამორჩეულად კარგი რეაგირება ჰქონდა თერაპიაზე. მათ მორეციდივე გლიობლასტომის, ასტრობლასტომის ან მედულობლასტომის აგრესიული ფორმა ჰქონდათ და ჩატარებული ჰქონდათ ქიმიოთერაპიებისა და სხივური თერაპიების 17-მდე კურსი — ყველა წარუმატებლად. მას შემდეგ, რაც TAA T-ლიმფოციტური თერაპია მიიღეს, სამი ბავშვი დღემდე ცოცხალია, გასულია 2-დან 5 წლამდე პერიოდი და არცერთ მათგანს დაავადების ნიშანიც აღარ აქვს.

„ერთ-ერთ ოჯახთან დღემდე კონტაქტზე ვარ და ისინი წარმოუდგენლად მადლიერები არიან, რომ ბავშვი დღემდე მათთანაა“, — ამბობს ბოლარდი.

ცდა პატარა იყო და არ მოიცავდა საკონტროლო ჯგუფს, რათა თერაპია შედარებულიყო სტანდარტულ სამკურნალო საშუალებებთან, მაგრამ როგორც ბოლარდი ამბობს, „ძლიერ აღფრთოვანებული ვართ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ცდის პირველი, უსაფრთხოების ფაზა იყო, ეფექტიანობის სიგნალი მოგვცა“. ჯერ კიდევ უცნობია, რატომ იმუშავა მკურნალობამ ზოგიერთ ბავშვში, ზოგში კი არა.

„ჯერ არავინ ხტუნაობს და გაიძახის, რომ „ეს ის არის“, მაგრამ შემაგულიანებელია და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს გაგებაში იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ უჯრედული თერაპიები თავის ტვინის სიმსივნეებზე თავდასხმისთვის“, — ამბობს ავსტრალიის ქვინზლენდის ბავშვთა ჰოსპიტლის მკვლევარი ტიმ ჰასალი.

თერაპია გულისხმობს სისხლის ნიმუშის აღებას ადამიანისგან, მათში იმუნური უჯრედების, T-ლიმფოციტების შეგროვებას და ლაბორატორიაში გაწვრთნას, რომ მიზანში ამოიღონ ცილის ის სამი მარკერი, ანუ ანტიგენი, რომელიც თავის ტვინის პედიატრიულ სიმსივნეებში გვხვდება“, — ამბობს ბოლარდი.

ამისათვის, T-ლიმფოციტებს აქცევენ იმ სხვა უჯრედების ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც წარმოადგენენ ამ ანტიგენებს, შემდეგ კი შერჩევითად ამრავლებენ იმ T-ლიმფოციტებს, რომლებიც მათ ცნობენ. ამის შემდეგ, გამრავლებულ T-ლიმფოციტებს პაციენტში ინტრავენურად აბრუნებენ და შედეგად, მათი იმუნური სისტემა უფრო ძლიერი ხდება კიბოსთან ბრძოლაში.

TAA T-ლიმფოციტური თერაპია განსხვავდება CAR T-ლიმფოციტური თერაპიისგან, რომელიც ამჟამად ფართოდ გამოიყენება სისხლის კიბოების მკურნალობაში, მაგრამ როგორც წესი, ნაკლებად ეფექტიანია მყარი სიმსივნეების წინააღმდეგ. CAR T-ლიმფოციტურ თერაპიაში, პაციენტის T-ლიმფოციტებს გენური ინჟინერიით ისე ამუშავებენ, რომ ამატებენ სინთეტიკურ რეცეპტორებს, სახელად ქიმერული ანტიგენის რეცეპტორებს, რომლებიც მათ კიბოს უჯრედებზე არსებული ერთი ანტიგენის დაფიქსირებაში ეხმარება, ძირითადად მათი, რომლებიც სისხლშია. ამისგან განსხვავებით, TAA T-ლიმფოციტური თერაპია არ მოიცავს გენურ ინჟინერიას, რაც კიბოს მრავალი სხვადასხვა ანტიგენის მიზანში ამოღების საშუალებას იძლევა და შეიძლება უფრო ფართოდ იმოქმედოს მყარ სიმსივნეებშიც.

სხვათა შორის, როგორც ჩანს, TAA T-ლიმფოციტურ თერაპიას უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს, ვიდრე CAR T-ლიმფოციტურ თერაპიას; ბოლარდის განცხადებით, ალბათ იმიტომ, რომ გენეტიკურად არ ცვლის პაციენტის T-ლიმფოციტებს. ამ ცდაში, პაციენტთა უმეტესობამ თერაპია კარგად აიტანა და ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები იყო დაღლილობა და თავის ტკივილი. ორ პაციენტს აღენიშნა სიმსივნის შესიება, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მათ ისედაც დიდი მოცულობის სიმსივნე ჰქონდათ.

ჯგუფი ახლა ამ თერაპიის კიდევ ორ ცდას იწყებს თავის ტვინის სიმსივნის მქონე ბავშვებზე. ერთ ცდაში, TAA T-ლიმფოციტური თერაპია კომბინირებული იქნება ულტრაბგერის მეთოდთან, რომელიც ხსნის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რამაც უფრო მეტ T-ლიმფოციტს უნდა მისცეს თავის ტვინში მოხვედრის საშუალება. მეორე ცდაში კი, მოახდენენ თითოეული პაციენტის სიმსივნის გენეტიკურ სეკვენირებას, რათა გამოავლინონ მათი უნიკალური ანტიგენები, რაც T-ლიმფოციტების გაწვრთნის საშუალებას მოგვცემს, რათა მათ ეს ანტიგენები პერსონალიზებულად ამოიღონ მიზანში.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში, პედიატრიული თავის ტვინის სიმსივნეებში გადარჩენის მაჩვენებელი დიდად არ გაუმჯობესებულა; შესაბამისად, ძალიან ამაღელვებელია, მკურნალობის სრულიად განსხვავებული არეალის გახსნა“, — ამბობს ავსტრალიის ქვინზლენდის ბავშვთა ჰოსპიტლის მკვლევარი ტიმ ჰასალი.

კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი