კონგოს ჯუნგლებში მაიმუნის სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
როცა ბიოლოგები 21-ე საუკუნეში ახალ სახეობას პოულობენ, ძირითადად იმის წყალობით, რომ ატარებენ დნმ-ის ახალ ანალიზებს, მიკროსკოპში უფრო ახლოს იხედებიან ან ნიმუშები შეგროვებულია ადამიანის კომფორტის ზონიდან გაცილებით შორს მდებარე რეგიონებში.
და მაინც, პრიმატოლოგებმა ახლახან დაადასტურეს მაიმუნის სახეობის არსებობა, რომელიც აქამდე არ არსებობდა სამეცნიერო ჩანაწერებში.
გაიცანით Colobus congoensis-ი, მაიმუნი, რომელიც დიდხანს იმალებოდა მდინარე ლომამსა და კონგოს შორის, ტროპიკულ წვიმის ტყეებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ცენტრალურ რეგიონში.
ამ მაიმუნის გავრცელების ზონაში ბინადარ ხალხსაც კი იშვიათად ჰყავდათ ის ნანახი.
როცა ხედავდნენ, ბანგალას ხალხი მას „ლიკველის“ ეძახდა; მიტუკუს ხალხი კი „კასაბა ნკონის“, რაც „ტოტების მჭრელს ნიშნავს“.
ლუკურუს ველური ბუნების ფონდის კონცერვაციონისტებმა, ბერნარდ იკემბელომ და ეშლი ვოსპერმა ლიკველის პირველი ფოტოგრაფიული მტკიცებულება 2008 წელს გადაიღეს, ზონაში, რომელიც შემდეგ, 2016 წელს ლომამის ეროვნული პარკი გახდა.

თუმცა, ეს საკმარისი არ იყო.
ახლა, თითქმის 20 წლის შემდეგ, მკვლევრებმა შეაგროვეს ლიკველის 114 საველე დაკვირვება და საკმარისი მტკიცებულება მისი დადასტურებისთვის — პრიმატთა სრულიად ახალი სახეობის.
სახეობის შესახებ მათ ოფიციალურად გამოაცხადეს სამეცნიერო ჟურნალში PLOS One.
„თავდაპირველი (ფოტოზე გადაღებული) შემჩნევების შემდეგ, 2018 წლის ნოემბრამდე აღარაფერი იყო ცნობილი; მაგრამ ამ წელს, ჟან პიერ კაპალის ხელმძღვანელობით ჩატარებული თვალთვალისას, კურბურის სექტორში გადაიღეს შავი მაიმუნი პირის გარშემო ფერმკრთალი ნიშნებით და პერიანალური თეთრი ლაქით“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ კონგოელი და ამერიკელი მეცნიერები.

ის საერთოდ არ ჰგავდა ამ ზონაში შემჩნეულ არცერთ მაიმუნს.
„მომდევნო 10 თვის განმავლობაში, კაპალმა და მისმა ჯგუფმა სათვალთვალო პატრულირებისა და ადგილობრივი საველე ასისტენტების დახმარებით პირდაპირი ძებნისას, მაიმუნები სხვადასხვა ადგილას შვიდჯერ კიდევ იპოვეს და ფოტოებზე აღბეჭდეს“, — წერენ მკვლევრები.
დამატებითი ფოტოების საშუალებით, მკვლევრებმა მიიღეს საკმაოდ ვრცელი მონაცემთა ბაზა, რომელიც საკმარისი იყო ახალი სახეობის დასადასტურებლად — 114-ჯერ დანახვა დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე 2018-2022 წლებში.

„აღმოჩენა ამაღელვებელიცაა და ღრმად პერსონალურიც, წარმოაჩენს ჩემი სამშობლოს უკიდურეს ბიომრავალფეროვნებას და იმას, თუ რამდენი რამაა დღემდე აღურიცხავი. მხვდა პატივი, სახეობისთვის Colobus congoensis-ი დამერქმია, რაც აღიარებაა კონგოს აუზის გამორჩეული ბუნებრივი მემკვიდრეობისა და მჯერა, რომ პირველი პრიმატი, რომელსაც თავად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიხედვით ეწოდა სახელი — ხაზს უსვამს როგორც მის გლობალურ მნიშვნელობას, ასევე ადგილობრივ სიამაყეს“, — ამბობს ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის ბიოლოგი ჯუნიორ ამბოკო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაიმუნებს ბრწყინვალე სახეები აქვთ, ცნობისმოყვარე შავი თვალები, გამოკვეთილი ლოყები და და მოდელივით ვარდისფერ-ნარინჯისფერი ტუჩები, რომელმაც შეიძლება პომადის სრულიად ახალი ტენდენციის შთაგონება მოგვცეს.
მაიმუნის გლუვ შავ ბეწვსა და გრძელ, ჩამოშვებულ კუდს შორის კონტრასტს ქმნის მისი მეტყველი სახის ირგვლივ გამოშვერილი ეკლებიანი თმა.
გენეტიკურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ უახლოეს ნათესავებს ის 4 ან 5 მილიონი წლის წინ გამოეყო.

„Colobus congoensis-ის აღმოჩენა ცვლის ჩვენს გაგებას აფრიკული მაიმუნის ევოლუციის შესახებ. მისი უახლოესი ნათესავია Colobus satanas-ი, რომელიც დასავლეთ-ცენტრალურ აფრიკაში, 1200 კილომეტრის მოშორებით გვხვდება. თუმცა, ჩვენი გენეტიკური ანალიზები აჩვენებს, რომ ეს ორი სახეობა ერთმანეთს დაახლოებით 4-5 მილიონი წლის წინ გამოეყო და წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ უძველეს ევოლუციურ გაყოფას Colobus-ის ხაზში“, — ამბობს ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კეიტ დეტვილერი.

არა მხოლოდ მისი ფიზიკური და გენეტიკური მახასიათებლები განასხვავებს მას თავისი გვარის სხვა წევრებისგან: ექვსი აუდიოჩანაწერიდან გამოვლინდა, რომ მის ღრმა ღრიალს უნიკალური აკუსტიკური ხელწერაც აქვს.
და შესაძლოა, ის დროულად აღმოაჩინეს — მისი გავრცელების დიაპაზონი შეზღუდულია და ამ რეგიონის სხვა სახეობათა მსგავსად, ჰაბიტატის დაკარგვისა და ნადირობის მხრიდან წნეხის ქვეშ დგას.

„Colobus congoensis-ის აღმოჩენა სამეცნიერო ტრიუმფიც არის და გამოსაფხიზლებელი შეხსენებაც იმისა, რომ დედამიწის ზოგიერთი უიშვიათესი ქმნილება შეიძლება იქამდე გაქრეს, ვიდრე მისი არსებობის შესახებ გავიგებთ“, — ამბობს დეტვილერი.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.