ახალმა ანალიზებმა Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა დაადასტურა — #1tvმეცნიერება
ახალმა ანალიზებმა Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა დაადასტურა — #1tvმეცნიერება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული ახალი ანალიზების მიხედვით, კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა აკმაყოფილებს გადაუდებელი გამოყენების ლიცენზიის მიღებისთვის საჭირო მოთხოვნებს.

FDA-ს ცნობით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის ეფექტიანობა COVID-19-ის საშუალო, მძიმე და კრიტიკული შემთხვევების წინააღმდეგ ყველა გეოგრაფიულ ზონაში 66,9 პროცენტია ვაქცინის ერთი დოზის მიღებიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ და 66,1 პროცენტი სულ მცირე 28 დღის შემდეგ.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ასაკობრივი, რასობრივი, ეთნიკური და თანმხლები ქრონიკული დაავადებების ჯგუფების მიხედვით ჩატარებულმა ანალიზებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე სპეციფიკური გართულებები ვერ გამოავლინა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში FDA აღნიშნავს, რომ მან მიმოიხილა მონაცემები ვაქცინის შესახებ და განსაზღვრა, რომ „ის შესაბამისობაშია იმ რეკომენდაციებთან, რომლითაც სააგენტო COVID-19-ის ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭებისას ხელმძღვანელობს“.

FDA-ს მრჩეველთა დამოუკიდებელი ჯგუფი და ვაქცინებისა და მათთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა კომიტეტი ამ დოკუმენტის საფუძველზე გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა Johnson & Johnson-ის ვაქცინას ავტორიზაცია. სხდომა 26 თებერვალს არის ჩანიშნული.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთდოზიანია; DFA-ს მონაცემებით, მან აშშ-ში 72-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი, სადაც ვირუსის უფრო გადამდები შტამი გამოჩნდა, 64 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში მისი ეფექტიანობის ეს მაჩვენებელი 7 პროცენტით მაღალია, ვიდრე თავდაპირველად გვამცნო თავად კომპანიამ.

გარდა ამისა, ვაქცინამ 86-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა აშშ-ში COVID-19-ის მწვავე ფორმების წინააღმდეგ, სამხრეთ აფრიკაში კი 82 პროცენტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან დაბალია ვაქცინირებული ადამიანის საავადმყოფოში მოხვედრის ან სიკვდილის შანსი.

მომზადებულია CNN-ისა და The New York Times-ის მიხედვით.