იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, დღეს ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი დაუპირისპირდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ბრძოლა „ოლ ბლექსის“ უპირატესობით დაიწყო. მეხუთე წუთზე ახალმა ზელანდიამ ანგარიში გახსნა – დადებული ლელოს შემდეგ გარდასახვაც ზუსტად შესრულდა 7:0.
მე – 14 წუთზე ახალზელანდიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.
მეორე ლელოს შემდეგ უელსელებმა ძალა მოიკრიბეს და მე – 20 წუთზე ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ზუსტად შესრულებული გარდასახვის შემდეგ ანგარიში შემცირდა – 14:7.
მალევე, უელსმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა – 14:10.
პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან თამაში „ოლ ბლექსის“ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ახალმა ზელანდიამ ორი უპასუხო ლელო გაიტანა, ორივე გარდასხვა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი ანგარიშით 28:10 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც ახალი ზელანდიის უპირატესობით დაიწყო. 45-ე წუთზე ანგარიში 35 – 10 გახდა. უელსელებმა თამაშში მცირე გარდატეხის შეტანა მე – 60 წუთზე მოახერხეს – დადებული ლელო, ზუსტად შესრულებული გარდასხვა და 35:17.
77 – ე წუთზე „ოლ ბლექსმა“ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა გარდასახვა გაცუდდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 40:17.
რაგბის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 12:50 საათზე დაიწყება. ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად შეერკინებიან. იაპონიიდან ფინალური მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.