ახალი ზელანდია რაგბი ჩემფიონშიფის გამარჯვებულია | რაგბი ჩემფიონშიფი [ვიდეო]
13:37, 30.09.2018
მას შემდეგ რაც „ხოსე ამალფიტანის“ სტადიონზე არგენტინის ნაკრები დაამარცხა (35:17). ახალი ზელანდია ზედიზედ მესამედ გახდა „რაგბი ჩემფიონშიფის“ გამარჯვებული.
დუბლი შეასრულა რიეკო იოანემ, რომელსაც ვაისაკე ნაჰოლო, პატ ტუიპულოტუ და ანტონ ლიენერტ-ბრაუნიც დაეხმარნენ და სამხრეთ აფრიკელებთან მარცხის შემდეგ, ახალი ზელანდია საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა.
მასპინძლეთა მხრიდან ლელოები ტომას კუბელიმ და ემილიანო ბოფელიმ დადეს, თუმცა ეს მოქმედი ჩემპიონების დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ახალმა ზელანდიამ ჩემპიონობა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. მომდევნო შეხვედრაში ისინი სამხრეთ აფრიკას ესტუმრებიან და რევანშის აღებას შეეცდებიან.
მეხუთე ტურის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკელებმა „კენგურუებს“ უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხეს.
დაპირისპირება მასპინძელთათვის კარგად დაიწყო – 22-ე წამზე ბილის გადაცემა დიანტიმ ჩაჭრა და შეხვედრის პირველი ლელო დადო. მეორე ლელო ფაფ დე კლერკის ანგარიშზეა. პოლარდმა ხაზი ცრუ მოძრაობებით გაჭრა და ბურთი დე კლერკს გადააწოდა, რომელსაც ბურთის დამიწება აღარ გასჭირვებია.
ავსტრალიელებმა მასპინძლებს ტაიმის დასრულებამდე ორი ლელოთი უპასუხეს (ჰოჯი 25′, გენია 28′), მაგრამ სტუმრები დისციპლინაში ხშირად სცოდავდნენ. პოლარდმა მეტოქეს სამი უპასუხო ჯარიმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში – 23:12 დააფიქსირა.
მომდევნო ტურში ავსტრალია არგენტინას ესტუმრება და შეეცდება ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულოს.