ახალი ზელანდია კვლავ დაუმარცხებელია. „შავებმა“ „რაგბი ჩემფიონშიფის“ მე-3 ტურის შეხვედრა ნელსონში, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე დიდი ანგარიშით – 46-24 დაამარცხეს.
გამარჯვებული გუნდის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ თიჯეი პირენარა იყო, რომელმაც სასტარტო პოზიცია აარონ სმიტს აართვა, მეტოქეს ორი ლელო დაუდო და მთლიანობაში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.
დაპირისპირების მე-10 წუთზე მასპინძლებმა სერიოზული დანაკლისი განიცადეს. ბროდი რეტალიკმა, ნგანი ლაუმაპემ და ბენ სმიტმა მოედანი ტრავმების გამო დატოვეს. მათ ნაცვლად სემ ვაითლოკი, ლენერტ-ბრაუნი და დემიენ მაქენზი შემოვიდნენ, თუმცა სმიტი მოედანს მალევე დაუბრუნდა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც რამირო მოჟანომ ახალ ზელანდიელების მიერ დატოვებული სივრცე შესანიშნავად აითვისა, ცრუ მოძრაობებით სამ მეტოქეს გასცდა და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა – 3-7.
ახალი ზელანდია თამაშში მალევე დაბრუნდა. ქოდი ტეილორმა ნეჰე მილნერ-სქადერს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელს ლელოს დადება არ გასჭირვებია.
გუნდებმა ტაიმის დასრულებამდე თითო ლელო გაცვალეს, მაგრამ მატიას მორონის შესანიშნავი ლელო იმის გამო არ ჩაითვალა, რომ მან ბურთის დამიწებამდე ფეხი კიდის ხაზს შეახო.
მეორე ნახევრის დასაწყისში „პუმები“ მეტოქეს 11 ქულით ჩამორჩებოდნენ. 42-ე წუთზე სანჩესმა ოუენ ფრენკსი ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა.
მასპინძლები გამოფხიზლდნენ და ხუთიოდ წუთში ქირენ რიდის ლელოთი კვლავ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
მალევე ხაზი შეცვლაზე შემოსულმა ლენერტ-ბრაუნმა გაჭრა და თიჯეი პირენარას მეორე ლელო დაადებინა. ამჯერად ლელო არგენტინელებს სჭირდებოდათ და ხუთი ქულის მოპოვება ემილიანო ბოფელიმ მოახერხა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სტუმრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან მხოლოდ 8 ქულას აგებდნენ (32:24).
მატჩის ბოლო წუთებში ახალი ზელანდია მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ლელო ჯერ ფრიზელმა მიითვალა (74′), ხოლო შემდეგ კი გუდჰიუმ და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 46-24 დაფიქსირდა.
სამი ტურის შემდეგ ახალი ზელანდია სატურნირო ცხრილის სათავეშია. მათ სამივე დაპირისპირებაში ბონუს ქულა მოიპოვეს და 15 ქულა აქვთ. „პუმები“ ოთხი ქულით მესამე ადგილს იკავებენ.