ახალგორის გამგებელი - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება
ახალგორის გამგებელი - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის თანასოფლელები და მეგობრები ერგნეთის შემდეგ სოფელ წილკანის გადასახვევთან შეიკრიბნენ, რომლებიც დე-ფაქტო რეჟიმისგან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვასაც გეგმავდნენ, თუმცა ტეტუნაშვილის ოჯახის თხოვნით მაგისტრალი აღარ გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. წილკანთან იმყოფებოდა ახალგორის გამგებელიც. ნუგზარ თინიკაშვილმა გარდაცვლილის ახლობლებს დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულია, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება.

„ჩემთვის გაუგებარია ეს მოქმედება. გზის გადაკეტვა არანაირ შედეგის მომტანი არაა. კარგად მესმის ამ ადამიანების გულისტკივილი. მთელ საქართველოს გვტკივა გული. გზის გადაკეტვა არანაირ შედეგს არ მოიტანს. სახელმწიფო სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ყველა დაიშლება, რადგან ოჯახის პოზიციაც ასეთია“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ,

როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადებში მოხდეს, ასევე მოხდეს ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილიდაიოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.