ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეებმა სეზონი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირით, სკეიტ ვიქტორიათი (Skate Victoria) დაასრულეს.
ტურნირში მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის შვიდი მოციგურავე. ესენი არიან ანადეა გულბიანი-შმიდტი, დავით გურგენიძე, ილია გოგიტიძე, ნიკოლ ფადეევა, ინგა ფუტკარაძე, ქეთი მახარაძე და ეკატერინე იაზადჯი.
ქართველმა მოციგურავეებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე.
დავით გურგენიძემ 38.36 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა, ილია გოგოტიძე ნოვისების კატეგორიაში 39.76 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ეკატერინე იაზადჯი 43.00 ქულით ბრანჯაოს მედლის მფლობლი გახდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ანადეა გულბიანი-შმიდტი მესამე ადგილზე იმყოფებოდა. თავისუფალი პროგრამის შემდეგ მას მხოლოდ 0.6 ქულა დააკლდა იუნიორების კატეგორიაში საპრიზო სამეულში შესასვლელად. ანადეამ 110.19 ქულით 21 მოციგურავეს შორის მე – 5 ადგილი დაიკავა.
ნიკოლ ფადეევა 33.46 ქულით მეოთხე ადგილის, ხოლო ინგა ფუტკატრაძე 18 მოციგურავეს შორის მეხუთე ადგილის მფლობელი გახდა. ასევე ტურნირზე ასპარეზობდა ქეთი მახარაძე, რომელმაც 21 სპორტსმენს შორის 29.86 სარეიტინგო ქულა დააგროვა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი ულოცავს ამ წარმატებას ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეებსა და მათ მწვრთნელებს ლელა ჩოფიკაშვილს, სესილი ბერძემიშვილსა და ინგა ბუტიკაშვილს და უსურვებს მათ ახალ სპორტულ სეზონში ასეთივე წარმატებულ გამოსვლებს.