ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატმა მისცა ხმა
ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატმა მისცა ხმა

ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მე-17 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ხმა მისცეს „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს, სტაბილურობას, განვითარებას და რა თქმა უნდა, სიღარიბის შემცირებას. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება პირველივე ტურში“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 – მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.