ახალ ზელანდიაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ახალ ზელანდიაში ტყის მასივზე გაჩენილი ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ნელსონთან ახლოს მძვინვარებს.
ძლიერი ქარის გამო მასშტაბური ცეცხლის ქალაქზე გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ძლიერი ქარის გამო უახლოეს მომავალში კიდევ ათასობით მოსახლის ევაკუაცია გახდება საჭირო.
ტყის მასივზე გაჩენილი მასშტაბური ცეცხლის ჩაქრობას ერთდროულად რამდენიმე ასეული მეხანძრე ცდილობს. ოპერაციაში ჩართულია 23 ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი. ამ მომენტისთვის ხანძარი 5 000-ზე მეტ ჰექტარს ფარავს.
ახალ ზელანდიაში მსგავსი მასშტაბების ხანძარი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ბოლო ტყის ხანძარი კუნძულოვან ქვეყანაში 1955 წელს იყო.