აკაკი ზოიძე ვერ აკონკრეტებს, აისახება თუ არა კანონმდებლობაში მარიხუანას საექსპორტოდ დაშვების საკითხი
აკაკი ზოიძე ვერ აკონკრეტებს, აისახება თუ არა კანონმდებლობაში მარიხუანას საექსპორტოდ დაშვების საკითხი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ვერ აკონკრეტებს, აისახება თუ არა კანონმდებლობაში მარიხუანას საექსპორტოდ დაშვების საკითხი.

როგორც პირველ არხს ზოიძემ განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე მარიხუანას ექსპორტის საკითხი დისკუსიის თემა იყო, თუმცა საუბარი ძირითადად, მოხმარების ნაწილში მკაცრ რეგლამენტირებას შეეხო.

დეპუტატი ფიქრობს, რომ 21 წლის ასაკამდე მარიხუანას მოხმარება უნდა აიკრძალოს და  პროფესიის მიხედვით შესაბამისი ჯარიმებით შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

„ასევე იყო საუბარი ნებისმიერ საჯარო სივრცეში მოწევის აკრძალვაზე, მათ შორის სადარბაზოებში და ა.შ. ამასთან, იყო საუბარი კანაფიდან ფარმაცევტული და კოსმეტიკური მიზნით გამოყენებადი პროდუქტების წარმოებაზე და ექსპორტზე. საუბარია კანაფის ზეთების წარმოებაზე, რაზეც დიდი მოთხოვნაა და კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს. აღნიშნულზე ვისაუბრეთ, მაგრამ ვერ დავადასტურებ, კანონში აისახება თუ არა, რადგან ეს დისკუსიის თემა იყო და  მთავრობაზე იქნება განხილული“, – განაცხადა ზოიძემ.

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არსებობს ვერსია, მარიხუანა შეიძლება საექსპორტოდ დაიშვას სამკურნალო კუთხით. როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტის ვერსია წარადგინა.

ამასთან,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს.