აკაკი ზოიძე - უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები არ ამხელენ, რომელ პარტიას უჭერენ მხარს ან შეგნებულად მალავენ და გამომკითხველი შეცდომაში შეჰყავთ
აკაკი ზოიძე - უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები არ ამხელენ, რომელ პარტიას უჭერენ მხარს ან შეგნებულად მალავენ და გამომკითხველი შეცდომაში შეჰყავთ

ქვეყანაში პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევას ძალიან დაბალი ღირებულება აქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები არ ამხელენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს ან შეგნებულად მალავენ და თავისი აზრით გამომკითხველი შეცდომაში შეჰყავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულს აჩვენებს წლების განმავლობაში გამოცდილება, როდესაც არჩევნების შედეგები თითქმის არასდროს ემთხვეოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს.

„შესაბამისად, ძალიან ფრთხილად შევაფასებდი ნებისმიერ ასეთ კვლევას და ერთ-ერთი ინფორმაციის წყაროდ მივიღებდი. ძალიან სარწმუნოა ისიც, წლების განმავლობაში გრძელდება, რომ 40-60 პროცენტი ზოგჯერ არ ამხელს, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება პარლამენტს, უწყებას არ აქვს ხოლმე მაღალი რეიტინგი არც ერთ ქვეყანაში. ამასთან, პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ხდება უმეტეს შემთხვევაში სკანდალურ ელფერში, სკანდალურ შემთხვევებში, თუ რამე „საინტერესო“ მოხდა“, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატის თქმით, მაგალითად გუშინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, როცა დაახლოებით 17 ათას ოჯახს აღარ ექნება ჯარიმები, მაგრამ არ გაშუქებულა.

„გუშინ მივიღეთ კანონი, როდესაც 16-17 ათას ოჯახს, სოციალურად დაუცველს აღარ ექნება უზარმაზარი ჯარიმები, ეს არის უზარმაზარი შეღავათები პენსიონერებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მაგრამ ამის გაშუქება არ მომხდარა, არამედ ყველაფერზე იყო გუშინ ლაპარაკი, გარდა ამისა. ამიტომ, სამწუხაროდ, ასეთი ადეკვატური შეფასება მოჰყვება მოსახლეობის მხრიდან პარლამენტის მუშაობას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ენდიაის“  კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 20 პროცენტი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 9 პროცენტი, „ევროპულ საქართველოსა და „პატრიოტთა ალიანსს“ – 4 პროცენტი. ამასთან, კვლევის შედეგებით, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

 

დატოვე კომენტარი