აკაკი ზოიძე - არაკეთილმოსურნე უნდა იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ ტენდენციურობა დააბრალო
აკაკი ზოიძე - არაკეთილმოსურნე უნდა იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ ტენდენციურობა დააბრალო

ძალიან სუბიექტური და არაკეთილმოსურნე უნდა იყო, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ ტენდენციურობა დააბრალო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველ არხს განუცხადა.

აკაკი ზოიძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიხედვითაც, საქართველოს პირველ არხთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივა საბოლოო განცხადებაში არ მოხვდა.

„შემთხვევით არ არის, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა შენიშვნებმა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას, ამ განცხადებაში ასახვა ვერ ჰპოვა. ეს არის ჩვენი მეგობრების რეზოლუცია. მეგობრების, რომლებსაც სურთ, საქართველოს წარმატება და არა „მეგობრების“, რომლებიც „ფეხს გიდებენ“. ხშირ შემთხვევაში ჩვენდა სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზებული შენიშვნები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დააშოროს საქართველო მიზანს, რასაც ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის კეთილდღეობა ჰქვია. ანალოგიურად ცდილობდნენ, რომ ეს პათოსი გადმოეტანათ რეზოლუციაში და ეთქვათ, აი ხედავთ, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო დიქტატის ქვეშ არის და არაობიექტურიაო. პრაქტიკულად ის, რაც იყო გამეფებული მედიაში, ავადსახსენებელი ცხრა წლის დროს, უნდათ ახლა იგივე ჩვენ დაგვაბრალონ. მე საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ვარ და ძალიან სუბიექტური, არაკეთილმოსურნე უნდა იყო, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ ტენდენციურობა დააბრალო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.