ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა პირველ არხთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ქართველი დეპუტატების ინიციატივაზე უარი თქვა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი ქართველი დეპუტატების ინიციატივას, რომ საბოლოო დოკუმენტში საქართველოს პირველი არხის შესახებ გაკეთებულიყო ჩანაწერი, თითქოს „წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად ვერ დაიცვა სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, მსგავსი ჩანაწერი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს ანგარიშს უნდა დაფუძნებოდა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა, დააკონკრეტოს რომელიმე სიუჟეტი, სადაც ჩანდა, რომ მაუწყებელი მიკერძოებული იყო, კახიძე პასუხობს:

„ეუთო-ს ანგარიშში მიმოხილულია მთლიანად პროცესი. ასევე არასამთავრობო სექტორს აქვს თავისი მოსაზრებები და შეფასებები, ისინი ობიექტურად აკვირდებოდნენ ამ თემას. ცალკე დაბალანსების საკითხს სწავლობდნენ მედიის განვითარების ფონდი და სხვა ორგანიზაციები. ანგარიშში ერთ სიუჟეტზე კი არ არის საუბარი, არამედ მთლიანად კამპანიას როგორ აშუქებდა მაუწყებელი, იყო მიკერძოებული. კონკრეტულ სიუჟეტს ვერ დაგისახელებთ, უბრალოდ კვლევას რომ ჩახედოთ, იქ მოცემულია, აქცენტები როგორი კეთდებოდა, ბალანსი როგორ იყო დაცული. ეს რომ მაუწყებლისთვის სადაოა, არ ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ არის სადაო, ჩვენ ვენდობით ეუთო-ს მონიტორების დასკვნას“.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, მსგავსი ჩანაწერის ტექსტში ასახვაზეც უარი თქვა.