აკაკი ზოიძე - კეთილი ინებონ და იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვისაც არ სჭირდება მაღალმთიან რეგიონებში სიარული
აკაკი ზოიძე - კეთილი ინებონ და იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვისაც არ სჭირდება მაღალმთიან რეგიონებში სიარული

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიულ ხარჯები ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს.

აკაკი ზოიძემ ბიუროკრატიული ხარჯების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ის რეზერვს ხედავს მანქანებით მომსახურებაში, ბენზინსა და სამეურნეო ხარჯებში.

„ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია. ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს და მცირდება კიდეც იმ ხარჯებთან შედარებით, რაც ხმარდება პენსიებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და ა.შ. ქუჩაში ადამიანების გაშვებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებს არჩენენ და შემოსავალი მიაქვთ. სანამ კერძო სექტორში სამუშაო ადგილები საკმარისი ტემპით არ შეიქმნება, არ შეიძლება, უმუშევრობა გავზარდოთ იმ ადამიანებით, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და ხშირ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე მათი ხელფასია და მათი დემონიზება მოვახდინოთ.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, რომელსაც ხელფასი 500-700 ლარი აქვს და წარმოდგენილია, როგორც უზარმაზარი შემოსავლების, ჯილდოების და დანამატების ადამიანებად. ათიათასობით საჯარო მოხელე თავდადებით მუშაობს დაბალ ხელფასზე. აქ ვერანაირ რეზერვს ვერ ვხედავ. პოლიციელებს რომ ხელფასი მოემატათ, რომლებიც სამძებრო სამუშაოებით არიან დაკავებულები, აქაც ვერ ვხედავ ვერანაირ დასაძრახს, პირიქით, უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ. მასწავლებლებს რომ მოემატება ხელფასი და 1500 ლარი გაუხდება, ეს რეზერვი კი არა, ამ ქვეყნის მიღწევაა. რეზერვი არის მანქანები, სამეურნეო ხარჯები, ბენზინი და კეთილი ინებონ და იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვისაც არ სჭირდება მაღალმთიან რეგიონებში სიარული. კეთილი ინებონ და სატელეფონო ხარჯები საკუთარი ჯიბიდან აანაზღაურონ. აი, რეზერვი სად არის და არ სჭირდება კიდევ წელიწადში ორჯერ რემონტის ჩატარება. რეზერვები აქ არის და დიდი იმედი მაქვს, მთავრობა ამას გააკეთებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული.გახარიამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.